ახალი ამბები

კიბერთავდასხმა თიბისიზე – ტვ პირველი ხაზარაძის გახარიასთვის გაგზავნილ წერილებს ასაჯაროებს

14 მარტი, 2019 • 1620
კიბერთავდასხმა თიბისიზე  – ტვ პირველი ხაზარაძის გახარიასთვის გაგზავნილ წერილებს ასაჯაროებს

ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს წერილებს, რომლითაც, მათი მტკიცებით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა კიბერთავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

ტელეკომპანია ოთხ წერილს აქვეყნებს, რომელთაგანაც სამის ავტორი მამუკა ხაზარაძეა, ადრესატი კი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

პირველი წერილით, რომელიც 2018 წლის 17 ივლისითაა დათარიღებული,  თიბისი ბანკი შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ატყობინებს მომხდარი კიბერთავდასხმის შესახებ.

მომდევნო წერილების ადრესატი გიორგი გახარიაა. ხაზარაძე შს მინისტრს  გიორგი გახარიას სთხოვს პირადად დაინტერესდეს ბანკზე მომხდარი კიბერთავდასხმის გამოძიების საკითხით.

ხაზარაძე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა. “მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ თქვენი უფლებამისილების ფარგლებში თქვენს პირად ჩართულობას, რათა გააქტიურდეს გამოძიება და შესაბამისი ოპერატიული ქმედებები,”-წერს მამუკა ხაზარაძე. გარდა ამისა ხაზარაძე მინისტრ გახარიას ატყობინებს “მავნე კომპიუტერის” IP მისამართის მფლობელს [შპს “გრევითი”] და მისამართს, რუსთაველის 12-ს, სადაც განთავსებულია კომპიუტერი.

  
ამ წერილების ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა 4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ  ბანკზე კიბერ თავდასხმა 2018 წლის ივლისში განხორციელდა და იმის მიუხედავად, რომ თავდასხმის შესახებ გიორგი გახარიას პირადად მისწერა,  გამოძიების შედეგები არ ი იციან. “მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ “კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზეო”, -აღნიშნა მაშინ ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი