ახალი ამბები

აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა – რუსუდან გოცირიძე სამხედრო სამსახურის კანონპროექტზე

13 მარტი, 2019 • 1718
აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა – რუსუდან გოცირიძე სამხედრო სამსახურის კანონპროექტზე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, დისკრიმინაციულია.

“ზედაპირზე დევს ძალიან აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ შეესაბამება არც ჩვენს კანონმდებლობას, არც ჩვენს კონსტიტუციას და არც იმ სულისკვეთებას, რომელიც, წესით, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს,”-უთხრა “რუსთვის 2”-ს რუსუდან გოცირიძემ.

სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ. ნეტგაზეთთან საუბრისას ნაკაიძე ამბობს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში რომელიმე რელიგია უპირატესი არ უნდა იყოს. მისი განცხადებით, სხვა რელიგიური კონფესიები, როგორც წესი, “არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით” ისარგებლებენ. მისი თქმითვე, მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

“დღევანდელი კანონმდებლობით აბსოლუტურად ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კონფესიის წარმომადგენელია, აქვს უფლება ისარგებლოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონით, რაც გულისხმობს, რომ რელიგიური აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურში. ასეთი პრაქტიკა არსებობს. შემიძლია გითხარათ, რომ რელიგიური კონფესიების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კანონს იყენებს და მსახურობს ალტერნატიულ შრომით სამსახურში. რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, მათი ეს უპირატესობა განმტკიცებულია კონკორდატით, მე ამას არ ვეხები და ვერც შევეხები, რადგან ეს არის საკონსტიტუციო შეთანხმება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ჩემი საკანონმდებლო ინიციატივით პრივილეგია არავის ენიჭება, ხოლო სხვა ნორმებს მე არ ვეხები,”-უთხრა ნეტგაზეთს ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ჩანაწერს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იყენებენ. ამან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მისი თქმითვე, “ბიბლიური თავისუფლების” გარდა, არსებობს კიდევ სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობით წვევამდელები ჯარში აღარ მიდიან. ნეტგაზეთის კითხვაზე, რომელია ასეთი ორგანიზაციები, სესიაშვილი არ საუბრობს.

“შესაბამისი გამწვევი კომისიებიდან დავადგინე, რომ ასეთი სხვა ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ გასცემენ საბუთს. ეს შეიძლება ამ ორგანიზაციებისთვის ფულის კეთების საშუალებად იქცეს,”-ამბობს სესიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი