ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„ბევრ კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა“ – შერიგების მინისტრი

13 მარტი, 2019 • 1692
„ბევრ კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა“ – შერიგების მინისტრი

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯი ცხედრის თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში გადასვენებაა, სადაც ექსპერტიზის პროცედურა დაიწყება.

„ადგილზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მობილიზებული იყო – ჩემი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ გადმოცემის პროცედურისას გაზიარებული იქნა გარკვეული დოკუმენტაცია და მასალები, რომლის შინაარსის თაობაზეც ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ. ეს ყველაფერი, ცხადია, შესასწავლია. ასევე არ გვაქვს პირველადი ინფორმაცია, ეს მხოლოდ გადმობარების პროცედურა იყო. ასე რომ, ბევრ კითხვას პასუხი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა.

„ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზური მხარის ცნობით,  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

“სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა ცხედრის ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ძალადობრივი ხასიათის”, –  ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს სუიციდის ფაქტი მოხდა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო”.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  12 მარტის (სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი