ახალი ამბები

ჩრდ. კორეის არჩევნებზე აქტივობამ 99.99% შეადგინა – სახელმწიფო მედია

13 მარტი, 2019 • 1582
ჩრდ. კორეის არჩევნებზე აქტივობამ 99.99% შეადგინა – სახელმწიფო მედია

ჩრდილოეთ კორეაში 10 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 99.99% შეადგინა – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იუწყება. გამოცემის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონდათ.

BBC-ის ცნობით, წლევანდელი არჩევნები ერთადერთი სიახლით აღინიშნა: ქვეყნის ავტორიტარი მმართველი, კიმ ჩენ ინი, კანდიდატთა სიაში არ იყო. ასამბლეის წევრად წელს მისი და აირჩიეს.  თუ დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ქვეყნის ლიდერი სიაში არ მოხვდა. თუმცა, როგორც ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი რეიჩელ მინიონგი ტელეარხთან საუბრისას ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის ძალაუფლება რაიმე ფორმით მცირდება.

“ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეის მცდელობა, აღქმული იყოს “ნორმალურ სახელმწიფოდ”. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში კი პრეზიდენტი პარლამენტის წევრი არ არის”, – აცხადებს ის.

უმაღლესი სახალხო ასამბლეის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქისთვის 17 წელს ზემოთ.

ტრადიციულად, ადამიანებს კანდიდატებს შორის არჩევანი არ აქვთ. BBC-სთან საუბარში პროცესის აღწერისას, ჩრდილოეთ კორეის ანალიტიკოსი ფიოდორ ტერტიცკი ყვება, რომ თითოეული ამომრჩეველი იღებს ბიულეტენს, რომელზეც მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელია დატანილი. შემოსახაზი და აღსანიშნი არაფერია – ადამიანი უბრალოდ იღებს ბარათს და საარჩევნო ყუთში აგდებს.

ექსპერტისვე თქმით, ტექნიკურად, მოქალაქეს შეუძლია, კანდიდატის სახელი გადახაზოს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საქმეში საიდუმლო პოლიცია ჩაერთვება.

ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. სახელმწიფო მედიის თანახმად, უმაღლეს სახალხო ასამბლეაში 687 დეპუტატი აირჩიეს. თუმცა აღნიშნული ორგანოს საქმიანობა, ისევე როგორც არჩევნები, პირობითია, რადგან მას არანაირი ძალა არ გააჩნია. ასამბლეა უბრალოდ ამტკიცებს იმ კანონებს, რომლებიც ქვეყნის მმართველი პარტიის წიაღში იწერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი