ეს ამორალურია – ხვიჩია სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონპროექტზე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამორალურს უწოდებს დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

მისივე თქმით, ეს კანონპროეტი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ არის მიმართული. ხვიჩია განმარტავს, რომ “ბიბლიური თავისუფლება” გაუქმდება ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებისთანავე.

“არცერთი პარლამენტარის შვილი ჯარში არ მსახურობს და ეს კანონპროექტი ამიტომ არის ამორალური თავისი შინაარსით, რომ ის პარლამენტარის შვილებზე კი არ ვრცელდება. ჩვენი კანონმდებლობა მოწყობილია ისე, რომ ჯარიდან თავის არიდება შეძლონ მდიდრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობაში ნაცნობები ჰყავთ. შესაბამისად, პარლამენტის არცერთი წევრის შვილი ჯარში არ არის. თავად კანონპროექტის ავტორის, ბატონი სესიაშვილის შვილი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯარში არ არის ნამყოფი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცონ. 150 პარლამენტარიდან გამოვიკვლევთ მათ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს,”-აცხადებს იაგო ხვიჩია.

“გირჩის” წარმომადგენელის თქმითვე, პარლამენტარებს უნდა ესმოდეთ, რომ მართლმადიდებელი მღვდლებისთვის დაწესებული ეს შეღავათი მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ინტერესებს ემსახურება. ხვიჩია განმარტავს, რომ “ბიბლიური თავისუფლების” დაახლოებით 12 ათასი მღვდელმსახურიდან უმრავლესობა მართმადიდებელია.

“სინამდვილეში, მართლმადიდებლებზე კი არ აკეთებენ შეღავათს, არამდედ საპატრიარქოს მიმართ. ანუ ისევ იერარქიის მიმართ კეთდება შეღავათი. ამასთან, კანონპროექტი არის ცალმხრივი და ის გამოყოფს ერთ რელიგიურ ჯგუფს და რაღაც უფლებას უტოვებს, მეორეს კი, არა. ეს მსოფლიო მასშტაბით აჩვენებს, რა ქვეყანა ვართ. ყველა პარლამენტარის ოჯახში შევალთ და მათ 18-27 წლამდე შვილებს ვნახავთ  და ვკითხავთ, რატომ არ არიან ჯარში, როდესაც მათი მშობლები დანარჩენი მოსახლეობის შვილების ხარჯზე პოპულისტურ ნაბიჯებს დგამენ. თუ ირაკლი სესიაშვილი მხარს უჭერს ჩვენი შვილების ჯარში წასვლას და ამბობს, რომ ეს კარგია, თავისი შვილი ხომ უნდა იყოს ჯარში წასული?! ისინი ჩვენი შვილების მომავლით მანიპულირებენ, მაშინ როცა საკუთარი შვილებს ცივ ნიავს არ აკარებენ. ჩემი აზრით, ეს არის ამ კანონპროექტის ამორალურობა.  ამასთან, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაგვჭირდა, ამასაც არ გამოვრიცხავთ,”-აცხადებს ხვიჩია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა.

  • ირაკლი სესიაშვილის ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას.
  • “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
  • გირჩის რელიგიურ ორგანიზაციაში, სულ მცირე, 12 000 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული მღვდელმსახურად.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.