აფხაზური მხარე: ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კვარაცხელიას ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აქვს

აფხაზური მხარის ცნობით,  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

“სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა ცხედრის ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ძალადობრივი ხასიათის”, –  ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მომხდარ ფაქტს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები იკვლევენ.

“ამჟამად, კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი წყდება”.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს სუიციდის ფაქტი მოხდა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო”.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  12 მარტის (სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა”, – აცხადებს სუსი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი თემა. მისივე განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, იგეგმება გამოძიების დაწყებაც.

“თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება მისი მკვლელები კი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

ნეტგაზეთის ცნობით, გალის რაიონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, დღესვე გადმოსცემენ.

 

რა (არ) ვიცით აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი