საქართველოს საჰაერო სივრცეში Boeing 737 Max-ის სერიის თვითმფრინავების გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში 13 მარტიდან გაურკვეველი ვადით იზღუდება ახალი თაობის სამგზავრო თვითმფრინავის, Boeing 737 MAX 8-სა და MAX 9-ის გადაადგილება. ამ გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ სიას, რომლებიც ამ ტიპის საჰაერო ხომალდების გამოყენებას დროებით აჩერებს. ინფორმაცია შეზღუდვის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 13 მარტს, გაავრცელა.

Boeing 737 MAX სერიის თვითმფრინავებზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი გახდა ბოლო 6 თვეში მომხდარი ორი ავიაკატასტროფა, რომელსაც, ჯამში, 346 ადამიანი ემსხვერპლა. შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, სანამ გამოძიება არ დაადგენს ავიაკატასტროფების გამომწვევ ზუსტ მიზეზს და არ დაიდება დასკვნა ბოინგის ახალი თვითმფრინავების უსაფრთხოების შესახებ.

“Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ”, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება და დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

2 ავიაკატასტროფა 6 თვეში

Boeing 737 MAX 8, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იმყოფებოდა, 10 მარტს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან 6 წუთში დაიკარგა, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მთლიანად დაიწვა. არავინ გადარჩენილა. დაღუპულებს შორის არიან 35 ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის, აშშ-ის, კენიის, ეთიოპიის, ბრიტანეთის, კანადის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ზუსტად იგივე მოდელის თვითმფრინავი, რომელიც Lion Air-ს ეკუთვნოდა, ასევე აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა ინდონეზიაში, 2018 წლის ოქტომბერში. შემთხევვას 189 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ექვსი თვის შუალედში ერთი და იმავე მოდელის ორი თვითმფრინავის ერთნაირ გარემოებაში ჩამოვარდნა აჩენს ეჭვებს. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს გამოძიებით გამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რაიმე სახის კავშირს ამ ორ შემთხვევას შორის. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომლის მიზანიც ავიაკატასტროფების მიზეზის დადგენაა.

Boeing 737 MAX

Boeing 737 MAX არის ახალი თაობის თვითმფრინავი, რომელიც მოიხმარს უფრო ნაკლებ საწვავს და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. მას შემდეგ, რაც ბოინგმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა აღნიშნული თვითმფრინავის წარმოების დაწყების შესახებ, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაყიდვადი თვითმფრინავი. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, თვითმფრინავების ამერიკულმა მწარმოებელმა ათეულობით ავიაკომპანიისგან უკვე მიიღო შეკვეთა 5 011 ხომალის დამზადებაზე, საიდანაც 350 უკვე დამზადებულია, დარჩენილი 4 661 თვითმფრინავის მიწოდება კი ეტაპოვრივად, მომდევნო წლებში იგეგმება. მსოფლიოს არაერთი ავიაკომპანია სარგებლობს Boeing 737 MAX-ის სერიის თვითმფრინავებით.

ბოინგის მონაცემებით, Boeing 737 MAX-ის ყველაზე მსხვილი დამკვეთია ამერიკული კომპანია Southwest Airlines (280 ერთეული), მას მოსდევს Fly Dubai (251 ერთეული), Lion Air (201 ერთეული).

ავიაკომპანიებიდან, რომლებიც ამ დროისათვის Boeing 737 MAX სერიის თვითმფრინავებს ფლობენ, საქართველოში დაფრინავენ “ფლაი დუბაი”, “თურქეთის ავიახაზები”, “პოლონეთის ავიახაზები”, “სამხრეთ ჩინეთის ავიახაზები”, ასევე, “ყატარის ავიახაზები”. Flightradar24-ის ბოლო ერთი კვირის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით რეისების შესასრულებლად Boeing 737 MAX-ს არ იყენებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.