ახალი ამბებიკომენტარი

რას ამბობს “ოცნების” მიერ ახალი სახეების ძიება პარტიულ პოლიტიკაზე | ინტერვიუ

13 მარტი, 2019 • 3510
რას ამბობს “ოცნების” მიერ ახალი სახეების ძიება პარტიულ პოლიტიკაზე | ინტერვიუ

წინა კვირას “ქართული ოცნების” ლიდერებმა დაადასტურეს, რომ პარტიაში ახალი სახეების მოზიდვა და “ახალი სახეებით პარტიის გაძლიერება” სურთ. რამდენად გავრცელებულია ასეთი პრაქტიკა? სწორია თუ არა მსგავსი სტრატეგია? ყალიბდებიან თუ არა ადამიანები პოლიტიკოსებად ასე, სოციალური ან პოლიტიკური აქტივისტური გამოცდილების გარეშე? დემოკრატიულია პარტიის დაკომპლექტების ასეთი პრაქტიკა?

ნეტგაზეთმა ეს და სხვა კითხვები დაუსვა ლევან კახიშვილს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსსა და ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS) დოქტორანტს. ქვემოთ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

“ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერმა დაადასტურა, რომ პარტიაში ახალი სახეების მოზიდვას აპირებენ. რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა ეს — როდესაც პარტია თვითონ ეძებს სახეებს (და არა პირიქით, სახეები ქმნიან პარტიას)?

“სახეების” პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ “სახეებთან” მიმართებაში ორი პრობლემა იკვეთება. პირველი პრობლემა არის ის, რასთან გამკლავებასაც “ქართული ოცნება” ცდილობს – გადაახალისოს ქართული პოლიტიკური ელიტა — როგორც მინიმუმ, “ქართული ოცნების” შემადგენლობა. ნამდვილად პრობლემურია ის, რომ პოლიტიკოსების “სახეები” არ იცვლებიან, რაც ამომრჩევლებში გადაღლილობასა და იმედგაცრუებას იწვევს, რადგან სიახლის შეგრძნება იკარგება.

მეორე პრობლემა კი ის არის, რომ “სახეები” არ არის გამოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” საკუთარი კრიზისიდან გამოსვლა ახალი სახეების მოძიებით ესახება. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში უშუალოდ “სახეებზე”, ანუ ერთეულ ინდივიდებზე დამოკიდებულებაა პარტიულ პოლიტიკაში. ეს პრობლემა კი ინდივიდების ჩანაცვლებით ვერ მოგვარდება, მთავარი ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის, განვითარებაა. აუცილებელია არა ის, რომ სახეებმა შექმნან პოლიტიკური პარტია, ან პარტიამ მოიძიოს ახალი სახეები, არამედ ის, რომ პარტიამ შექმნას ახალი სახეები, გაზარდოს ისინი, როგორც პროფესიონალები, რომლებიც ბუნებრივად ჩაანაცვლებენ საჭიროებისამებრ ძველ სახეებს. მსგავსი პოლიტიკური ლიდერების გაზრდა, სამწუხაროდ, იშვიათობას წარმოადგენს ქართულ პარტიულ პოლიტიკაში.

რამდენად სწორია ეს სტრატეგია? ადამიანები ასე ყალიბდებიან პოლიტიკოსებად?

ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის კვლავწარმოებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება თაობების აღზრდა პოლიტიკოსებად. ამ საქმეს პოლიტიკური პარტიები უნდა ასრულებდნენ, ამის ნაცვლად, როგორც წესი, ქართული პოლიტიკური ელიტა, როდესაც ე.წ. ახალი სახეები ხდება საჭირო, იკვებება სამოქალაქო საზოგადოებიდან, ბიზნესელიტიდან და ა.შ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნდა მოხდეს, თუმცა პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ვერ ზრდიან პოლიტიკური ლიდერების ახალ თაობებს და, შესაბამისად, საჭირო ხდება პოლიტიკოსების მოძიება, ასე ვთქვათ, გარე სფეროებიდან. აქედან გამომდინარე, პრობლემის საფუძველი პარტიულ პოლიტიკაში და პარტიების ფუნქციონირებაში უნდა ვეძიოთ.

რით განსხვავდებიან პარტიაში ასე მოსული ადამიანები მათგან, ვისაც გარკვეული სოციალური/პოლიტიკური აქტივისტური გამოცდილება აქვთ?

საქმე ის არის, რომ პარტიაში ამგვარად რეკრუტირებულ ადამიანსაც შეიძლება, რომ გააჩნდეს სოციალურ-პოლიტიკური აქტივიზმის გამოცდილება, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოებიდან აქტიურ პოლიტიკაში გადანაცვლებულ ადამიანებს ნამდვილად აქვთ აქტივიზმის გამოცდილება. თუმცა განსხვავება ისაა, რომ გარედან მოსულ პირს, რომელიც იმთავითვე ხდება პოლიტიკური ლიდერი, როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობის შეზღუდული გამოცდილება ექნება და ნაკლებად ინფორმირებული იქნება პარტიის ფუნქციონირების მექანიზმების შესახებ.

მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ ქართული პარტიების ფუნქციონირების მექანიზმები არ არის გამჭვირვალე და, რაც მთავარია, არ არის ინსტიტუციონალიზებული, ანუ იშვიათობას წარმოადგენს კონკრეტული წესები, რომლის დაცვითაც ხდება პარტიაში ახალი ადამიანების მიღება, ან საარჩევნო სიების დაკომპლექტება. შესაბამისად, ბუნებრივად ვერ ხერხდება თაობების პარტიებს შიგნით აღზრდა, რადგან პარტია, როგორც ინსტიტუტი, ვერ მუშაობს გამართულად.

რამდენად ჰორიზონტალური ან დემოკრატიულია პარტიის დაკომპლექტების ასეთი პრაქტიკა?

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაკომპლექტების ამგვარი პრაქტიკა გაუგონარი არ არის, ის ნაკლებად დემოკრატიული ხასიათისაა. მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ პარტიას არ შეუძლია ახალი პოლიტიკური ლიდერების აღზრდა, რაც არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” გამოწვევა და, პრაქტიკულად, ყველა ქართულ პარტიას ეხება.

შესაძლოა თუ არა, ასე თუ ისე ვერტიკალურად ჩამოყალიბებულმა პარტიამ ხალხზე ორიენტირებული (გრასრუთ) პოლიტიკა აწარმოოს?

რამდენადაც მე მესმის ამ შეკითხვის არსი, აქ წარმომადგენლობის საკითხზე გავდივართ და შეგვიძლია იმაზე ვიკამათოთ, რამდენად შესაძლებელია ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესები სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელმა წარმოადგინოს. მაგალითად, რამდენად შეიძლება ერთი სქესის ინტერესების მეორე სქესის მიერ სათანადოდ წარმოდგენა, ან ერთი ეთნიკური ჯგუფის ან სოციალური ფენის მეორე ეთნიკური ჯგუფისა და სოციალური ფენის მიერ წარმოდგენა.

თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს საკამათო საკითხია. შესაბამისად, მთავარი ის არ არის, რამდენად ვერტიკალურად მოხდა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, მთავარი ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიას გააჩნდეს კონკრეტული იდეოლოგია, რომლის პრინციპებსაც გამოიყენებს როგორც საფუძველს პოლიტიკური კურსის შემუშავებისას.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პოლიტიკური იდეოლოგია კონკრეტული სოციალური ჯგუფის ან ფენის ინტერესებს წამოწევს წინ, ქართულ პარტიულ პოლიტიკაში თანმიმდევრული პოლიტიკური პროგრამები იშვიათად გვხვდება. ქართული პოლიტიკური პარტიები შეიძლება გასცემდნენ ისეთ დაპირებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მათსავე გაცხადებულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თუ ყველა პარტიას ექნება ჩამოყალიბებული იდეოლოგიური შეხედულებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვანი ინტერესებიც მაქსიმალური სპექტრით იქნება წარმოდგენილი პოლიტიკაში.

თვითონ პარტიაში რამდენად არის უკანა ფლანგზე მდგომი პარტიული აქტივისთვის წინსვლის საშუალება?

თავად ის ფაქტი, რომ პარტია ეძებს “ახალ სახეებს” და მათ ვერ პოულობს საკუთარ რიგებში, მაგალითად, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, რამდენიმე რამეზე შეიძლება მეტყველებდეს.

პირველი — პარტიას შესაძლოა არ ჰყავდეს საკმარისად გამოცდილი ახალგაზრდა წევრები, რომლებიც შეძლებდნენ, ასე ვთქვათ, “მაღალ პოლიტიკაში” შესვლას. ეს ისევ ის პრობლემაა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ პარტია ვერ ზრდის პოლიტიკურ ლიდერებს, რადგან სხვა შემთხვევაში მას უნდა ჰყავდეს წევრები კარიერული განვითარების რამდენიმე სხვადასხვა დონეზე. ასეთი სისტემა უნდა მუშაობდეს კონვეიერის პრინციპით და საერთოდ არ გახდებოდა ახალი სახეების ძებნა საჭირო, რადგან ჩანაცვლება მოხდებოდა ბუნებრივად.

მეორე — შესაძლოა, პარტიას ჰყავდეს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან უფრო მეტი პასუხისმგებლობისთვის, მაგრამ პარტია ეძებდეს მართლაც რომ “სახეებს” ანუ ადამიანებს, ვისაც საზოგადოება უკვე იცნობს და ვისი, ასე ვთქვათ, გაპიარებაც რთული არ იქნება. ამ შემთხვევაში ეს არის სიგნალი პარტიის ახალგაზრდა წევრებისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად არიან მეტი პასუხისმგებლობისთვის, პარტია მაინც უპირატესობას ანიჭებს გარეშე პირებს. ეს კი დემოტივაციას შეუწყობს ხელს, რადგან პარტიის მხრიდან ერთგვარი უნდობლობის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

მესამე — მსგავსი პრაქტიკა ასევე უარყოფითად იმოქმედებს იმ ახალგაზრდებზეც კი, ვისაც აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა სურთ. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორი კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა. როდესაც მსგავს პრაქტიკას აქვს ადგილი, ახალგაზრდებისთვის ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ რეალურად პოლიტიკაში მოხვედრა უფრო მარტივია სხვა სფეროდან და სულაც არაა საჭირო წლები დახარჯოს ადამიანმა პოლიტიკური პარტიისთვის მოხალისეობრივი საქმიანობის გაწევაში, დემონსტრაციების ორგანიზებაში, წინასაარჩევნოდ პლაკატების ქუჩაში გაკვრასა თუ აქციებზე პარტიული დროშების ფრიალში. გაცილებით უფრო მარტივი გზა შეიძლება იყოს, მაგალითად, წარმატებულ ჟურნალისტად ან მენეჯერად ჩამოყალიბება და პოლიტიკაში მოწვევის საფუძველზე მოსვლა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახალგაზრდებისთვის პარტიის შიგნით წინსვლის შესაძლებლობების თვალსაზრისით, ეს პრაქტიკა კარგზე არ მეტყველებს.

როგორ აისახება პარტიის დაკომპლექტების ასეთი პროცესი ამომრჩეველზე, ამომრჩევლის ნდობაზე?

ამომრჩევლის ნდობას პარტიების მიმართ არაერთი ფაქტორი განაპირობებს. ერთი პოზიტიური გავლენის შესაძლებლობა იქნება ის, თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს მოძიებული ახალი სახეების ხარჯზე წარმოაჩინოს, რომ მისი, როგორც პარტიის, კომპეტენცია მთელ რიგ სფეროებში გაიზარდა. თუ ამომრჩეველი ამ სიახლეს კომპეტენციის გაზრდის ჭრილში აღიქვამს, ეს, სავარაუდოდ, გაზრდის პარტიის მიმართ ნდობის ხარისხს. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ პარტია ინსტიტუციონალიზებული არ არის, არ არის ჩამოყალიბებული წესები და პროცედურები რეკრუტირებისა და ნომინირების პროცესებში, იმას ნიშნავს, რომ ნდობისთვის საჭირო ინსტიტუციური გარანტიები არ არსებობს. თავის მხრივ, ზოგადად, ინსტიტუტების სისუსტე ბუნდოვანებას იწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც იმას ნიშავს, რომ ამომრჩეველმა არ იცის, რა ხდება პარტიის შიგნით. გადაწყვეტილებები რაიმე პროცედურების მიხედვით მიიღება, თუ ერთპიროვნულად. ეს კი ამომრჩევლის ნდობაზე უარყოფითად მოქმედებს.

რას ამბობს ეს ყველაფერი პარტიებში დემოკრატიულობის ხარისხზე და როგორ მოქმედებს ეს მოქალაქეების ჩართულობაზე პოლიტიკაში?

დემოკრატიაზე შეუძლებელია საუბარი იქ, სადაც ინსტიტუტები სუსტია. “ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა ახალი სახეების მოძიებასთან დაკავშირებით სწორედ პარტიის შიდა ინსტიტუტების სისუსტეზე მეტყველებს, რაც შეუძლებელს ხდის შიდა დემოკრატიულობის მაღალ ხარისხს. რაც შეეხება მოქალაქეების პოლიტიკაში ჩართულობას, საქმე ისაა, რომ პოლიტიკაში ჩართულობა სხვადასხვა ფორმებით შეიძლება მოხდეს. თუ ჩართულობას ფართოდ განვმარტავთ და, მაგალითად, პეტიციაზე ხელმოწერას, პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობას ან საპროტესტო აქციაზე მისვლას, ამ ყველაფერს პოლიტიკაში ჩართულობად განვიხილავთ, ამ მხრივ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

რაზეც ამ პრაქტიკამ შეიძლება გავლენა იქონიოს, არის ახალგაზრდების მოტივაცია, ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკაში. არ არის გამორიცხული, რომ, ერთი მხრივ, იმედგაცრუების გამო პარტიის არსებულმა ახალგაზრდა წევრებმა დატოვონ პარტიის რიგები, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც განიხილავენ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას პოლიტიკური კარიერის შექმნის მიზნით, გადაწყვიტონ, რომ უფრო მარტივი გზა ამ მიზნის მისაღწევად არის ის, რომ უბრალოდ იყო წარმატებული და პროფესიონალი ნებისმიერ სხვა სფეროში, გარდა კარიერული პოლიტიკისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი