ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვარაცხელიას ცხედარს ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, დღესვე გადმოსცემენ

13 მარტი, 2019 • 1065
კვარაცხელიას ცხედარს ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, დღესვე გადმოსცემენ

ნეტგაზეთის ცნობით, გალის რაიონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ქართულ მხარეს, სავარაუდოდ, დღესვე გადმოსცემენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ. როგორც სუსი აცხადებს, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა”, – აცხადებს სუსი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი თემა. მისივე განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ იგეგმება გამოძიების დაწყებაც.

“თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მისი მკვლელები კი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

რა (არ) ვიცით აფხაზეთში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი