EUMM: კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით”, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ. როგორც სუსი აცხადებს, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა”, – აცხადებს სუსი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი თემა. მისივე განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, იგეგმება გამოძიების დაწყებაც.

“თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მისი მკვლელები კი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი