ახალი ამბები

თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, საჭიროა უმკაცრესი რეაგირება – კაპანაძე

13 მარტი, 2019 • 1647
თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, საჭიროა უმკაცრესი რეაგირება – კაპანაძე

“თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება მისი მკვლელები კი ოთხოზორია –  ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”, – ამ განცხადებას ’’ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგი კაპანაძე აკეთებს სოხუმის მიერ კონტროლირებად ციხეში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანია დადგინდეს: არა მარტო რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ თუ რა პირობებში იმყოფებოდა ის საპყრობილეში, ხომ არ იყო ნაწამები, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული და ამის შემდეგ  უნდა გაკეთდეს შეფასება.

თუ დადგინდება, რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია ან ნაწამები, მაშინ უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ქვეყანას. აუცილიბელია მოხდეს დადგენა იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია და ის ადამიანები  უნდა იყვნენ შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მთავარი თემა უნდა იყოს მათი დასჯა, ვინც მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მას შემდეგ, რაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება, რა მოხდა რეალურად’’,-  განაცხდა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ.

როგორც სუსი აცხადებს, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – აცხადებს სუსი.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა.

მინისტრის ინფორმაციით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, საქართველოში იმყოფებიან და 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი თემა. მისივე განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, იგეგმება გამოძიების დაწყებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი