ახალი ამბები

ბექა ჩემი მეგობარია, თუმცა თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს – კალაძის უარი ოდიშარიას

13 მარტი, 2019 • 3363
ბექა ჩემი მეგობარია, თუმცა თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს – კალაძის უარი ოდიშარიას

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა და ის, რომ ბექა ოდიშარია მისი თანაპარტიელია, თუმცა, პირველ რიგში, ის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის.

“რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაფტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის N1, ყოფილი ბერძნის ქ. N39, განაშენიანების საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის წევრს, ბექა ოდიშარიას.

ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მეგობრობა და ის, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ, თუმცა პირველ ადგილზე ჩვენ ყველა ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურული გეგმარებითი დავალება; რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც დღეს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, დედაქალაქის მერის განცხადებით, ის 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია ამ ყველაფრის გადასახედად შეიქმნას შესაბამისი კომისია, რადგან დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა:

“ამაზე ჩვენ კულტურის სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია, ურთიერთობა და ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, მაგრამ იქ მშენებლობა ჩვენთვის არ არის მისაღები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის და, რა თქმა უნდა, იგი არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა; იგივე იყო კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რესტორან “ოტიუმის” წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება… იგივე იყო ვაკის პარკში, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადგილების შესანარჩუნებლად. ამიტომ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქალაქის, თბილისის ინტერესებიდან”.

მოკლედ:

ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენების სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, თუმცა, მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა მას ამ პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრეს, გადაწყვეტილებაში კი ჩაწერეს, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს.

ოდიშარიამ დედაქალაქის მერიას 21-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მისაღებად კიდევ ერთხელ 2017 წლის ბოლო მიმართა. იმ დროისთვის უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კუთვნილ ტერიტორიას მერიამ საცხოვრებელი ზონა 3-ის სტატუსი მისცა, ხოლო 2018 წლის ივლისში ქართული ოცნების დეპუტატმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსგანაც მიიღო გარკვეულწილად დადებითი პასუხი.

პარლამენტარს პროექტში ხარვეზები მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღმოუჩინა, რის გამოსასწორებლადაც რამდენიმეთვიანი ვადა მიეცა, თუმცა საბოლოოდ, 2019 წლის 13 მარტს, ბექა ოდიშარიამ სასტუმროს მშენებლობაზე უარი კახა კალაძისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი