ახალი ამბები

საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“ ინტერესები – ბიზნესასოციაცია

13 მარტი, 2019 • 956
საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“ ინტერესები – ბიზნესასოციაცია

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკის ტრანზაქციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ასოციაციამ ბანკის დამფუძნებლებთან,, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა გამართა.

ასოციაციის ცნობით, ამ შეხვედრაზე მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 2018 წლის ზაფხულში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება შემოწმებას ატარებდა.

“აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნესასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ.

ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.

ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან, დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა, როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში.

ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამოდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი, რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია. საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის, ობიექტური და სამართლიანი ინტერესები,”-წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 მარტს პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული, სხვადასხვა პერიოდში, კომერციულ ბანკში შევიდა შემოსავლების სამსახური, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა და ეროვნული ბანკი.

ხაზარაძე ირმწუნება, ამ უწყებებს სურდათ 2008 წლის ტრანზაქციის შესწავლა და ბანკიდან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის თქმითვე, ამ უწყებების შესვლას დაემთხვა ბანკზე კიბერ-თავდასხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი