ჯართისა და მარტივად ფეთქებადი ნივთიერებების გაყიდვა მკაცრად გაკონტროლდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების და მარტივად ფეთქებადი/აალებადი ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება.

“ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ განსაზღვრული არ არის. ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება/რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით.

ჩვენ ამ ცვლილებას გვკარნახობს ჩანაწერი, რომელიც გენგეგმაშია გაკეთებული. ამ ჩანაწერით, საცხოვრებელი ზონები მავნე ზეგავლენისგან დაცული უნდა იყოს. ერთ-ერთი არის აქვე, მერიასთან ახლოს, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა-გაყიდვა და .ა.შ. რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული,” – ამბობს კახა კალაძე.

მისივე თქმით, ქალაქში გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას, რომელიც ზემოხსენებულ ადგილებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის იქნება. კალაძე დასძენს, რომ ამ დროისთვის, ასეთი ბუფერული ზონები ქალაქში არ არსებობს.

“მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ის ტერიტორიები, სადაც გროვდება დაბინძურებული ნივთიერებები, და უფლებრივი ზონების მიუხედავად აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის და ადამიანებისთვის,”- თქვა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან