ახალი ამბები

ბუკიკიოს თქმით, ვენეციის კომისია მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს სწრაფად განიხილავს

13 მარტი, 2019 • 984
ბუკიკიოს თქმით, ვენეციის კომისია მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს სწრაფად განიხილავს

საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო ეხმიანება.  განცხადება კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბუკიკიოს თქმით, ეს განცხადება ვრცელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნის შემდეგ კომისიისადმი, დააფიქსიროს აზრი მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოფიციალური პირების ამ სურვილს მიესალმება.

“ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად უპასუხებს, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობით მუშაობა მისი ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, აღნიშნულ კრიტერიუმთა შემუშავება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია.

“ყურადღების ამახვილებს რა სხვა მოსამართლეთა დანიშვნაზე, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, მათი სტატუსი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ დარჩეს განუსაზღვრელი. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, დაფუძნებული ნათელ და გამჭვირვალე პროცედურებზე, უმნიშვნელოვანესი პირობაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის”, – აცხადებს ჯანი ბუკიკიო.

მასალების გადაბეჭდვის წესი