ახალი ამბები

I რესპუბლიკის მოედანზე, შესაძლოა, შუქნიშნით ორგანიზებული გადასასვლელი მოეწყოს

13 მარტი, 2019 • 1008
I რესპუბლიკის მოედანზე, შესაძლოა, შუქნიშნით ორგანიზებული გადასასვლელი მოეწყოს

I რესპუბლიკის მოედანზე, შესაძლოა, ქვეითთათვის შუქნით ორგანიზებული გადასასვლელი მოეწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

გუშინ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შეხვედრა გაიმართა თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან, თბილისის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.

“სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერია მოსწავლეების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, დედაქალაქის მასშტაბით, სკოლის ავტობუსების გადაადგილების რეგულაციებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება გაჩერებებთან სკოლის ავტობუსების საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლებში შეშვების საკითხი.

გარდა ამისა, სამსახური, ქვეითთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შუქნიშნით ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელის მოწყობის საკითხს ამუშავებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ მერიის წამოწყებებს, რომლებიც ქვეითთა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა გადაადგილების უსაფრთხოების ამაღლებას უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი