ახალი ამბები

აგრესიულ კამპანიას გავცემთ საკადრის პასუხს – კობახიძე 2020-ის არჩევნებზე

13 მარტი, 2019 • 1092
აგრესიულ კამპანიას გავცემთ საკადრის პასუხს – კობახიძე 2020-ის არჩევნებზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში სტუმრობისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ აგრესიული საარჩევნო კამპანიით პასუხი გასცა “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიას. როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდი 2020 წელსაც მსგავს პასუხს გასცემს ოპოზიციას, თუ ისინი კამპანიას ნეგატივზე ააგებენ.

“ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვცადეთ აბსოლუტურად პოზიტიური კამპანიის დაწყება. არცერთი აგრესიული განცხადება არ გაუკეთებია სალომე ზურაბიშვილს მთელი კამპანიის დროს, ეს იყო მისი კამპანიის სულისკვეთება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პირველივე დღიდან გამოაცხადეს მოღალატედ და წარიმართებოდა უაღრესად აგრესიული კამპანია. საზოგადოებაში სულისკვეთება ცალმხრივად ვერ შეიცვლება. როდესაც შენ ცდილობ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნა და ოპონენტი გადმოდის პირდაპირ აგრესიაზე, ბუნებრივია, შენც გიწევს აგრესიული პასუხის გაცემა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. ის მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი სწორად მოიქცა, როდესაც ოპოზიციის აგრესიას აგრესიითვე უპასუხა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წელიც “იქნება ასეთივე” და “ქართული ოცნება” შეეცდება პოზიტიური კამპანიის წარმოებას.

“მაგრამ როდესაც მეორე მხრიდან მოდის აგრესია და შენ ამას აგრესიას არ უპირისპირებ, უქმნი ფარდობით უპირატესობას ოპონენტს. არ შეიძლება იქიდან კრივს გიპირისპირებენ და შენ ბალეტი დაუპირისპირო. ასეთ შემთხვევაში გამოხვალ წაგებული. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგი იქნება პოზიტიური, მაგრამ აგრესიულ კამპანიას გაეცემა ადეკვატური პასუხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი