ახალი ამბები

“მოქალაქე” აცხადებს, რომ კრიმინალზე განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუვრცელებია

5 სექტემბერი, 2014 • • 2703
“მოქალაქე” აცხადებს, რომ კრიმინალზე განცხადება ბიძინა ივანიშვილს არ გაუვრცელებია

დღეს, 5 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მოქალაქის ოფიციალურ ფეისბუკს გვერდზე ექს-პრემიერის ვრცელი ღია წერილი გამოქვეყნდა. წერილში ექს-პრემიერი ღარიბაშვილის მთავრობას აკრიტიკებს გაზრდილი კრიმინალის გამო. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ტექსტის სკრინშოტის გაკეთება მოასწრეს, თუმცა ის ივანიშვილის ორგანიზაციის ოფიციალური გვერდიდან მალევე წაიშალა. მოგვიანებით იმავე გვერდზე ახალი განცხადება გავრცელდა: “ორგანიზაცია „მოქალაქეს“ არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია!!! „მოქალაქის“ სახელით გაურკვეველი შინაარსის განცხადება გავრცელდა, რაც პროვოკაციაა”.

სკრინშოტი მოქალაქის გვერდიდან
სკრინშოტი მოქალაქის გვერდიდან

“როდესაც ფეისბუკზე საუბრობთ, იქ რამდენიმე ფეისბუკ-გვერდია. ერთია ნამდვილი და დანარჩენები ფეიკ-გვერდებია. ჩვენ თავიდან გვეგონა, რომ კიბერ-შეტევას ჰქონდა ადგილი და ჩვენი ვებრესურსები გატეხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნამდვილ გვერდზე არაფერი არ დადებულა”, – აცხადებს ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტრი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რომელსაც ნეტგაზეთმა მომხდარის განმარტება სთხოვა. მიუხედავად შესაბამისი სკრინშოტების არსებობისა, ჩხეტიანი  კატეგორიულად უარყოფს, რომ ივანიშვილის სახელით გავრცელებული განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა დღეს დილით.

გარდა იმისა, რომ ივანიშვილის სახელით ზემოხსენებული განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელში, ეს ტექსტი საინფორმაციო სააგენტოებსაც დაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ნიკოლოზ ჩხეტიანი ამ ფაქტს ასე ხსნის:

“იყო ვარაუდი, რომ კიბერშეტევის მეშვეობით მოხდა მეილის გატეხვა, მაგრამ ესეც არ დადასტურდა. გამოყენებულია ყალბი მეილი, რომელიც არ ეკუთვნის ორგანიზაცია “მოქალაქეს”. Yahoo-ს მეშვეობით არ შექმნილი ეს ყალბი მაილი, თუ არ ვცდება ბრიტანეთში დარეგისტრირებული Yahoo-ა, რომელსაც NGO მოქალაქე დაარქვეს. ეს ჩვენთან კავშირში არ არის. შემდეგ მათ გაგზავნეს ეს ტექსტი სააგენტოებში და შეცდომაში შეიყვანეს. სააგენტოებს ჰქონდათ ჩვენი ოფიციალური მეილი, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე, როდესაც განცხადებებს ვავრცელებთ, მაგრამ ზოგიერთმა არ გადაამოწმა და პირდაპირ გაუშვა. ეს იყო ის, რაც მოხდა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, არ ვიცი, ვინ იყო ბოროტმოქმედი, მაგრამ ჩვენი მეილით დავაგზავნეთ უარყოფა ყველა სააგენტოს მისამართზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი