ახალი ამბები

წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? – ბახტაძე წულუკიანზე

12 მარტი, 2019 • 838
წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? – ბახტაძე წულუკიანზე

თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკითხვას თეა წულუკიანთან შესაძლო დაპირისპირებასა და ულტიმატუმზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ოცნების წარმატებაში ამ პოლიტიკური გუნდის დაფუძნებიდან დღემდე.

“მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა იმ რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც საშუალება მოგვცა, გვქონოდა ის პროგრესი, რაც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ძალიან დიდია და ამას გეუბნებით გულწრფელად”, – განაცხადა პერმიერმა.

ბახტაძემ თეა წულუკიანსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მართლაც არსებობდა ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა:

“ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვადებულებაცაა, რომ საკითხი შევაჯეროთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს საკითხი შეჯერებულია და არსებობს აზრთა თანხვედრა. შესაბამისად, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესსრიგში.

რაც შეეხება ფასეულობებს, 2012 წელს ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიჭირა მხარი და მოვიგეთ არჩევნები ძალიან რთულ გარემოში. ამ არჩევნების მოგება, თეამ სწორად განაცხადა, რომ ემყარებოდა ფასეულობებს, პრინციპებს და იმ იდეოლოგიას, რომელიც უნდა გაგვეტარებინა, როდესაც მოვიდოდით მთავრობაში.

ბუნებრივია, ყველა, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უნდა დარჩეს ამ პრინციპების და ფასეულობების ერთგულად. თუ ვინმე არ დარჩება, როცა საქმე მიდის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენ გვერდით ვერ იქნება”.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ულტიმატუმს არავინ აყენებს მათთან, მათ შორის, არც თეა წულუკიანი. მისი განმარტებით, საკითხი ეხებოდა ძალიან პროფესიულ თემაზე აზრთა სხვადასხვაობას და უკვე მოხდა პოზიციების შეჯერება ყველას მიერ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

“თქვენ თუ გაქვთ იმის ილუზია, რომ ჩვენ ისე ვიხილავთ ინიციატივებს, რომ მის გარშემო არ ხდება დებატები ან დისკუსია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია ყველა ის ინიციატივა, რითიც ჩვენ წარვდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე და ეს ძალიან ნორმალურია. ეს არის ის მართვის პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11 მარტს იუსტიციის მინისტრი პირველად გამოეხმაურა ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო გადადგომის შესახებ და დაადასტურა, რომ შესაძლო იყო მართლაც დაეტოვებინა თანამდებობა.

12 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ამოწურულია და, შესაბამისად, ის გადადგომას აღარ აპირებს. ის, თუ რა თემაზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში, არც იუსტიციის მინისტრს დაუკონკრეტებია.

ვრცლად:

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი