ახალი ამბები

როცა მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ კოსას, მაშინ შეიძლება ვისაუბრო… – წულუკიანი უთანხმოების მიზეზზე

12 მარტი, 2019 • 1765
როცა მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ კოსას, მაშინ შეიძლება ვისაუბრო… – წულუკიანი უთანხმოების მიზეზზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უთანხმოების საგანი შეწყალებას ან პენიტენციური სამსახურის ფუნქციებს უკავშირდება.

“იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი იყო, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ვმსჯელობთ. გუშინ საღამოსაც მქონდა მე პირადად დისკუსია და იმედი მაქვს, ეს თემა ძალიან მალე დაიხურება იმიტომ, რომ ხვალ უკვე მე ვგეგმავ, საქართველოს პრეზიდენტს დელეგაციის წევრის სტატუსით გავუწიო დახმარება ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძიანა, რომ სასაუბრო ბევრი არაფერი დარჩა.

“ეს არის მინისტრის და სამინისტროს უფლებამოსილებების თემა, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, მქონდეს იმედი, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება, თუმცა ვნახოთ, დღეს როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა წულუკიანმა

თეა წულუკიანის თქმით, მას დისკუსია აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე არ იცის.

“არ შემიწუხებია ამ თემაზე”, – აღინიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, მეშვიდე წელია, სხვადასხვა დროს ვრცელდება ინფორმაცია მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, თუმცა “ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს” და მას გაუჩნდა სურვილი, თუ საჭიროა, ადგილი სხვას დაუთმოს. წულუკიანის თქმით, ამ თემის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრებდა, ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო.

“თუკი ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი და არის ჩემი მეუღლე და შვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება “ქართულ ოცნებასთან”, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არცერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ “ქართლი ოცნების” ამომრჩეველი ვიქნები”, – განაცხადა წულუკიანმა.

მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება მისი თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი, თეა წულუკიანი უახლოეს სმომავალში არ აპირებს, გაამჟღავნოს ის საკითხი, რომელიც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა.

“როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას და თქვენ, რა თქმა უნდა, მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისუაბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. მეშვიდე წელი დაიწყო, რაც არცერთი კომენტარის დროს მე თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს. რახან იყო სიმართლე, დაგიდასტურეთ”, – მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე:

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მასალების გადაბეჭდვის წესი