ახალი ამბები

“გირჩი” აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს

12 მარტი, 2019 • 1115
“გირჩი” აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს

პოლიტიკური პარტია “გირჩი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ღია წერილით მიმართავს და წარმოუდგენს ნორმებს კანონმდებლობიდან, რომელიც, მისი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” 2018 წლის საპრეზიდენტო აჩევნებზე დაარღვია.

“გირჩი” აცხადებს, რომ ქმედება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ვალების განულების პროექტით განახორციელა, არა მარტო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს არღვევს, არამედ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსითაც. კოდექსის თანახმად, “საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“.

“გირჩი” მიუთითებს ეუთო-ს დასკვნის შემდეგ ჩანაწერზეც: “საქართველოს 600 000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით”.

“აუდიტის სამსახურს, ისევე როგორც სხვა არცერთ ორგანოს, არ გამოუხატავს არანაირი დაინტერესება ამ ფაქტის მიმართ, არ დაუწყია მოკვლევა და არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ქართული ოცნების“ ქმედებათა კანონიერება. არ დაუბარებია ბიძინა ივანიშვილი და “ქართუ ბანკის” სხვა წარმომადგენლები დაკითხვაზე, მათ მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და ა.შ. რაც ნიშნავს იმას, რომ ან ამ რეგულირებებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგა ან მათი აღსრულება მომავალში მოხდება ცალმხრივად, მხოლოდ ოპოზიციის მიმართ. ისევე როგორც 2012 წელს ხდებოდა ამ უაზრო რეგულაციების გამოყენება მხოლოდ მაშინდელი ოპოზიციის მიმართ და არავინ აკონტროლებდა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ფულის ხარჯვას”, – ნათქვამია “გირჩის” მიმართვაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, როგორც უნდა დახარჯოს თავისი ფული და შეუძლებელია, არსებობდეს კრიმინალი, სახელად “ამომრჩევლის მოსყიდვა”. აქედან გამომდინარე ითხოვს- ან გაუქმდეს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა, ან დაიწყოს აღსრულება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტის გასამართლებით.

“ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად, იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა. მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდი და უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ უარს ვაცხადებთ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობასა და მათთან უაზრო ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე მანამ, სანამ ის არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთო-ს დასკვნაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს”, – ნათქვამია “გირჩის” მიმართვაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “გირჩის” განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად კი, აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას- 2 000 ლარით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი