დაპირისპირება თიბისი ბანკთან – სავარაუდოდ, დაკავებულია 3 პირი

თიბისის ცენტრალურ ოფისში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი ბანკის დაცვის თანამშრომელს ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სისხლის კვალი და დაშავებული პირი პოლიციის მანქანაში, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ბანკის დაცვის თანამშრომელს დაუპირისპირდა.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ფიზიკურად დაშავდა თიბისი ბანკის დაცვაც. მათივე ცნობით, სამივე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი პოლიციამ დააკავა, რომელიც ამ დრომდე ატარებს ბანკის შიდა და გარე პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებსაც ამოწმებს, სადაც შესაძლოა ასახული იყოს დაპირისპირებაც.

ნეტგაზეთს თიბისი ბანკში განუცხადეს, რომ არანაირ სროლას და შტურმს ადგილი არ ჰქონია. ბანკში გვითხრეს, რომ  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი პრეტენზიას გამოთქვამდა ბანკომატთან დაკავშირებით, რა დროსაც, სავარაუდოდ,  დაცვის თანამშრომელთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს, თუ რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება მომხდარზე. სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციას ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

ქავერის ფოტო: ტვ პირველი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.