ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან კლდე ჩამოიშალა [ვიდეო]

დღეს, 11 მარტს, თბილისში, ნინო ჟვანიას ქ N12-ში კლდე ჩამოიშალა, რამაც გაზის ცენტრალური მილი დააზიანა. ინფორმაციას და ვიდეოს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.

როგორც აღნიშნული ორგანიზაცია აცხადებს, მოსახლეობამ შენიშნა ბზარი, გამოიძახა თბილისის მერიის თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე უსაფრთხოების არანაირი ზომა არ მიუღიათ.

მოსახლეობამ აგრეთვე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა დახმარებითაც მიმდინარეობდა ავტომობილების ევაკუაცია ეზოდან და ზუსტად ამ დროს ჩამოინგრა კლდე. რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და სხეულის მძიმე დაზიანებას. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა, რომელიც ორჯერ იყო შეჩერებული, ვინაიდან მშენებლობის დროს ქანებმა და მიწამ დაიწყო მოძრაობა”, – აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ მაინც მისცა ნებართვა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების. ორგანიზაცია მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და მერს, კახა კალაძეს აკისრებს.

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობების წარმოება საშიში იყო, მან მაინც მისცა უფლება გაეგრძელებინათ სიცოცხლისთვის საშიში კორპუსების მშენებლობა! უფრო მეტიც, თბილისის მერი აცხადებდა, რომ ყველა კვლევა ჩატარებული იყო და არსებობდა შესაბამისი დოკუმენტაციაც (იხილეთ მერის განცხადებები არქივში)”, – აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ადგილზე ზედამხედველობის სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წავიდნენ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ, რამ გამოიწვია მიწის ჩამოშლა. მერიაში გვითხრეს, რომ გეოლოგიური დასკვნა უნდა გაკეთდეს.

თბილისის მერია განცხადებას ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.