ახალი ამბები

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

11 მარტი, 2019 • 1347
წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

დღეს, 11 მარტს, იუსტიციის მინისტრი პირველად გამოეხმაურა ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.

თეა წულუკიანის თქმით, განხილვის სტადიაშია იუსტიციის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებული ერთი საკითხი. წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ თუ ის მისი შეხედულებისამებრ არ გადაწყდება, “გვერდით გადგება”.

“არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე, თუნდაც პარლამენტში ამჟამად მიმდინარე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე არცერთ წუთს არ ვიფიქრებ და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეული”, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას,წულუკიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა და არ ეხება რომელიმე რეფორმას ან პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს.

“რადგან შიგნით ვსმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში ამ თემაზე, ღიად საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ.  რაიმე ტრაგიკული არ ხდება.  ეს არის ჯანსაღი პროცესი. და თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს”, – დასძინა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი