ახალი ამბები

შვაბები სტალინის ნაცვლად – სახელშეცვლილი ქუჩა ასურეთში

11 მარტი, 2019 • 5780
შვაბები სტალინის ნაცვლად – სახელშეცვლილი ქუჩა ასურეთში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ერთ-ერთ ქუჩას შვაბების სახელი ჰქვია.  შესაბამისი აბრის ამსახველ ფოტოს სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ავრცელებს.

მანამდე, ქუჩას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის სახელი ერქვა.

შვაბები გერმანელთა სუბეთნიკური ჯგუფია, რომელიც გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, შვაბიის რეგიონშია განსახლებული. რუსეთის იმპრიის ხელშეწყობით, საქართველოში 1817 წლიდან ჩამოსულ და დამკვიდრებულ გერმანელთა უმრავლესობას სწორედ შვაბები წარმოადგენდნენ. მათ თბილისში, ქვემო ქართლსა და აფხაზეთში რამდენიმე დასახლება დააარსეს. ქვემო ქართლში, ამჟამინდელ ასურეთში დაფუძნებულ დასახლებას ელიზაბეტთალი ერქვა.

ქართულ-გერმანული არქივის ცნობით, საბჭოთა კავშირის 1926 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 12 982 გერმანელი (6004 მამაკაცი და 6978 ქალი). მათი განსახლების არეალი საკმაოდ ფართო იყო.

ვითარება 1941 წელს, საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ომის დაწყების შემდეგ შეიცვალა, როცა საბჭოთა რეჟიმმა გერმანელთა ოჯახების გადასახლება განიზრახა.

“1941 წლის 8 სექტემბრის განკარგულებით, საბჭოთა კავშირის წითელი არმიიდან გამოიწვიეს ეროვნებით გერმანელი სამხედროები. 1941 წლის 8 ოქტომბრის წერილით ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სტალინისაგან ითხოვა ნებართვა გერმანელთა გადასახლების შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში ცხოვრობდა 48 609 გერმანელი”, – წერს სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის დამფუძნებელი, ნესტან თათარაშვილი.

პროცესის ვადად რეჟიმმა 15-30 ოქტომბერი განსაზღვრა. საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით ათასობით გერმანული ოჯახი გადაასახლეს. შემდგომ, მათ სახლებში კომპაქტურად ჩაასახლეს ეთნიკური ქართველები.

1955 წლის დადგენილების საფუძველზე გადასახლების ადგილიდან გათავისუფლდნენ, თუმცა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მათთვის არ მიუციათ.

“…ან სად დაბრუნდებოდნენ – მათ სახლებში უკვე „სხვები“ ცხოვრობდნენ. გადასახლებულ გერმანელთა უმეტესობა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში დაბადებული ადამიანები იყვნენ. მათ დეპორტაციასთან ერთად შეწყდა ის კულტურული და სოციო-ეკონომიკური ცხოვრების მოდელი, რომელსაც ისინი ეწეოდნენ საქართველოში”, – ვკითხულობთ ქართულ-გერმანული არქივის გვერდზე განთავსებულ სტატიაში, დავით ჯიშკარიანის ავტორობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი