ახალი ამბები

თითის ანაბეჭდის გარდა, რა შეიძლება დადგინდეს წერილის ექსპერტიზით

11 მარტი, 2019 • 2802
თითის ანაბეჭდის გარდა, რა შეიძლება დადგინდეს წერილის ექსპერტიზით

“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წერილს, რომელიც შუამავლის მეშვეობით შს მინისტრისგან მიიღო, თითის ანაბეჭდების დადგენის გარდა, ექსპერტიზა სხვა მიმართულებითაც უტარდება.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, კიდევ რა კუთხით შეიძლება გამოიკვლიონ დოკუმენტი და ამ საკითხზე დამოუკიდებელ ექსპერტს ესაუბრა.

როგორც ზაზა ალთუნაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ფურცლიდან თითის ანაბეჭდებს საქართველოში არ იღებენ, თუმცა უცხოეთში ამის პრაქტიკა არსებობს:

“სამწუხაროდ, ჩვენ ქაღალდიდან თითის ანაბეჭდს ვერ ვიღებთ, არ კეთდება. მე მინახავს, რომ ამერიკაში აკეთებენ ამას. შესაბამისად, ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება, პრაქტიკულად, შესაძლებელია”, – ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ექსპერტიზის დროს, თითის ანაბეჭდის გარდა, შესაძლოა, ფურცლიდან დნმ-ის ნიმუშიც ამოიღონ. დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, იმისთვის, რომ დოკუმენტზე დნმ გადავიდეს, შეხებაც საკმარისია, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი შენარჩუნდება ფურცელზე აღნიშნული ბიოლოგიური მასალა.

როგორც ზაზა ალთუნაშვილმა “ნეტგაზეთს” გნაუმარტა, ყველაფერი შენახვის პირობებზეა დამოკიდებული:

“დიდი ხანდაზმულობა არ აქვს, თუმცა პირობებს გააჩნია. საიდანაც უნდა ამოიღონ ეს მასალები, იმ ნივთის თუ დოკუმენტის შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითაც, მზეზე და სინათლეზე თუ იქნება დიდხანს, ნაკლებ ხანს გაძლებს” , – ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ყველა აღნიშნული ექსპერტიზა რთულ ექსპერტიზებად ითვლება, თუმცა მათი ჩატარება შესაძლებელია. დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, შესაძლებელია წერილის ხანდაზმულობის დადგენაც, თუმცა ამ კუთხით მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, მანიპულირებული იყოს:

“ეს არის რთული ექსპერტიზები, თუმცა, შესაძლებელია. რაც შეეხება ხანდაზმულობას, შეიძლება დადგინდეს, თუმცა ზუსტი არაა, იქაც შენახვის პირობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამის მანიპულირება შესაძლებელია.

ხელნაწერის შემთხვევაში გაკეთდებოდა კალმისა და მელნის სახეობის დადგენა, ასევე, მელანი რომ გადავიდა ფურცელზე, რამდენ ხანში გახუნდა. გარდა ამისა, შესაძლებელია ისე დავაძველოთ ფურცელი სპეციალური მოწყობილობებით, რომ მისი ხანდაზმულობა შეიცვალოს. ამიტომ, ამ კონკრეტულ საკითხზე გამოკვლევა, შესაძლოა, ბოლომდე ზუსტი არ იყოს”, – ამბობს ექსპერტი.

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი