ახალი ამბები

სკოლებში ინსპექტირების მექანიზმის, სავარაუდოდ, საარჩევნოდ გამოყენება – საიას კვლევა

11 მარტი, 2019 • 1591
სკოლებში ინსპექტირების მექანიზმის, სავარაუდოდ, საარჩევნოდ გამოყენება – საიას კვლევა

საიას ინფორმაციით, სკოლებში ინსპექტირების პროცესი 2018 წელს, სავარაუდოდ, მიმდინარეობდა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

საია აღნიშნული განცხადების გავრცელებისას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზიას საქმეს, რომელიც სკოლის ინსპექტირების შემდეგ გარდაიცვალა. საია ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ ინსპექტირების გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, წუთებში მიიღო.

ორგანიზაციაში დასძენენ, რომ ამ შემთხვევაში ინსპექტირებას საფუძვლად ედო მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც არათუ კონკრეტულ, არამედ ზოგად, ბუნდოვან პრობლემებს ეხება. საიაში ამბობენ, რომ ერთ განცხადებაზე ინსპექტირების დაწყება სამინისტროს შეუძლია, თუმცა, ეს ლოგიკურია მხოლოდ მაშინ, როდესაც განცხადებაში კონკრეტული პრობლემა არგუმენტებითაა გამყარებული, ან საქმე გადაუდებელი აუცილებლობისაა.

საია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წელს საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით სამინისტროში სულ 288 განცხადებაა შესული, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება.

“მნიშვნელოვანია, რომ 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6 ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს,”- წერს საია.

ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა იმავე წლის ნოემბრის განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2017 წლის 8 ნოემბერს, 13:34 საათზე. აღნიშნულის შემდეგ განცხადება:

➡️13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს
➡️13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს
➡️13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს
➡️13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს
➡️განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე
➡️ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე.

გარდა ამისა, საიაში ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა არსებობს. მათი თქმით, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის მე-4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევის შესხებ ინფორმაციას.

მეექვსე სკოლის შემთხვევაში, ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე.

“ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში “განხილვა” შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი,”- ამბობს საია.

რაც შეეხება სამინისტროს პოზიციას, ბატიაშვილმა კერზაიას საქმეზე პარლამენტში გამოსვლის დროსაც ილაპარაკა. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ მოხდა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტროში შესული წერილი მინისტრმა რამდენიმე წუთში წაიკითხა, დააწერა ინსპექტირების სამსახურს და მეორე დილით მონიტორინგი უკვე ზუგდიდში იყო. მინისტრის თქმით, წერილების გადაწერა პასუხისმგებელ პირებზე ელექტრონული სისტემით წუთებში ხდება. ბატიაშვილის თქმით, მოვლენების ქრონოლოგიას და სტატისტიკას მოგვიანებით წარადგენს განათლების კომიტეტის სხდომაზე.

ბატიაშვილისთვის გაუგებარია კრიტიკა დარღვევების მიმართ სწრაფი რეაგირების თაობაზე და ამბობს, რომ პარლამენტი, პირიქით, უნდა ითხოვდეს სწრაფ რეაგირებას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ სამინისტროში შესულია მოქალაქე ლავრენტი ქირიას წერილი. ბატიაშვილი ადასტურებს, რომ უწყებას არ გადაუმოწმებია, ნამდვილად არსებობს თუ არა ეს პიროვნება.

“შემოდის წერილი,  ადამიანის სახელი და გვარი წერია. ჩვენ სანამ ამის იდენტიფიცირებას მოვახდენთ, შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი პერიოდი და შეიძლება, ასეთი პიროვნება იყოს ძალიან ბევრი.  ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, რომ განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენი ვალდებულებაა არა პერსონის გადამოწმება, არამედ  ფაქტის გადამოწმება და იმ ფაქტზე რეაგირება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

“ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” — ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრს

მასალების გადაბეჭდვის წესი