ნუ შეიცოდებთ ხაზარაძეს – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელში ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად პოტენციურ მოკავშირეს ვერ ხედავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეიცოდონ მამუკა ხაზარაძე.

“თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.

რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა. ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტსაც IPN ავრცელებს, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობდა, “დღესაც ხელს მოაწერს”.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანშის საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

“იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა “ნაციონალების” დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ”, – ამბობს ხაზარაძე.

IPN წერს, რომ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მუქარის წერილის ავტორმა ნახა, რომ მისი მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდა, ხომ არ იფიქრებდა, რომ ხაზარაძე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზეც თანახმა იყო, ბიზნესმენი პასუხობს: “არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ”.

ვრცლად:

იმ წერილს, დღესაც ხელს მოვაწერ – ხაზარაძე არჩევნების დროს გავრცელებულ წერილს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.