ახალი ამბები

ოჯახის ეჭვით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტი ცემით მოკლეს

10 მარტი, 2019 • 1390
ოჯახის ეჭვით, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტი ცემით მოკლეს

ოჯახის წევრების ეჭვით, 45 წლის გერონტი აქუბარდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხონის ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, კლინიკაში მედპერსონალმა სცემა, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა.

რუსთავი2-თან ოჯახის წევრების საუბრიდან ირკვევა, რომ აქუბარდია 14 ოქტომბერს მოათავსეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, ექვს დღეში კი კლინიკიდან ნაცემი გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ოჯახის ეჭვით, მას მედპერსონალმა სცემა. თუმცა ცენტრში აცხადებენ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონაი და პაციენტს სხვა, კიდევ ერთ ბენეფიციართან მოუვიდა კონფლიქტი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელი, ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე ამბობს, რომ “პაციენტებს შორის მოხდა კონფლიქტი” და ამას “უმნიშვნელო ინციდენტი” უწოდა.

ოჯახის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ საავადმყოფოში მწოლიარე აქუბარდაის სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის მუხლზე, მკლავსა და კისრის არეში. “ჩაშავებული ჰქონდა მას თვალი, ხელი, ფეხი, ტანი”, – ამბობს გარდაცვლილის და, ფატიმა აქუბარდია. “ჩვენ ჩავაბარეთ პაციენტი და მათ გაასვენეს აქედან… ცემით მოკლეს ამ განყოფილებაში”, – ამბობს იგი.

ქუთაისის საავადმყოფოს წარმომადგენელი ამბობს, რომ “დიაგნოზში არის გამოტანილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მრავლობითი სისხლნაღჟენთები თავის ქალის რბილი ქსოვილებისა  და ზედა კიდურების არეში”.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და გამოძიება “კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი