ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

აუცილებლად სანახავი ფემინისტური ფილმები და სერიალები – რჩევები თეო ხატიაშვილისგან

8 მარტი, 2019 • 5310
აუცილებლად სანახავი ფემინისტური ფილმები და სერიალები – რჩევები თეო ხატიაშვილისგან

“ძალიან ბევრი ფილმი შეიძლება გავიხსენოთ, მათ შორის კაცი რეჟისორების, და ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია. თუნდაც იმიტომ, რომ დღემდე საქართველოში [ქალების გაძლიერების საკითხი] რაღაც საბჭოური გადმონაშთი ჰგონიათ. ზოგი საერთოდ არ აღიქვამს ამას როგორც პრობლემას, ხელოვნურად შექმნილად მიიჩნევს და ა.შ.”, – ასე გვიპასუხა კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, როდესაც ნეტგაზეთმა მისთვის გამორჩეული ფემინისტური ფილმების დასახელება სთხოვა

მისი თქმით, კაცი ფემინისტებიც არსებობენ და შესაბამისი ფილმებიც არსებობს.

“ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ზედაპირზე ჩანს პრობლემა, გაცილებით უფრო სიღრმისეული შეიძლება იყოს. მაგრამ დღეს რამდენიმე ქალ რეჟისორზე შევჩერდები იქიდან გამომდინარე, რომ 8 მარტია და ისედაც ქალები გვავიწყდება ხოლმე და ჯერ კიდევ დომინანტურ პოზიციას ყველა სფეროში კაცები იკავებენ. თანაც, მინდა გამოვყო ის ფილმები, რომლებიც არღვევენ ბევრი ტიპის სტერეოტიპს”.

თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ როგორც ყველა სხვა სფეროში, ქალ რეჟისორებსაც რიგი სტერეოტიპების გადალახვა უწევთ. მაგალითად, მიჩნეულია, რომ თითქოს ქალი რეჟისორის კინო არის “ვარდისფერი სათვალით’ დანახული, სენტიმენტალური და იაფფასიანი ემოციებით გაჯერებული.

“ან პირიქით, მიაჩნიათ ხოლმე, რომ თუ ქალის კინოში ფემინისტური პოზიციაა, მაშინ ეს უბრალოდ დეკლარირებული პრობლემაა და როგორც კინემატოგრაფიული ნიმუში, არ არის მაინცდამაინც საინტერესო, პლაკატურია, სწორხაზოვანი და ა.შ.” ,- დასძენს თეო ხატიაშვილი.

მისი თქმით, ის ფილმები და რეჟისორები, რომლებიც მან დაგვისახელა, ამ ორივე სტერეოტიპს აბსოლუტურად ანადგურებს:

“კლეო 5-დან 7-მდე” – ანიეს ვარდა

“გავიხსენებდი ანიეს ვარდას “კლეო 5-დან 7-მდე”, რომელიც ალბათ ერთ-ერთი პირველი ფემინისტური ფილმია, სადაც თავმოყრილია ბევრი თემა, რასაც შემდგომ ფემინისტურ კინოთეორიებში წამოწევენ. ეს არის პოპმუსიკოსი ქალის ცხოვრების ერთი თითქოს ჩვეულებრივი დღის ორი საათი, როდესაც ის სიუჟეტურ დონეზე მარტივად ელოდება ანალიზის პასუხებს, მაგრამ სინამდვილეში ის ორი საათი საკუთარი ცხოვრების გადააზრებისა და საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესია”, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

მისი თქმით, პოპმუსიკოსის სახე, როგორც წესი, ძალიან კიჩურია – ლამაზი ქალი,  ბევრი აქსესუარით, რომელიც ყოველთვის ფორმაშია და მის გარშემო ყველაფერი ლამაზია. ანიეს ვარდას ფილმში კი მთავარი გმირი – კლეო, ფილმის განმავლობაში თანდათანობით გამოდის ამ ჩარჩოდან.

“და ძალიან პრინციპულ გადაწყვეტილებას იღებს, ნაბიჯს დგამს, უბრალოდ იხსნის თავის პარიკს, უცნაური ფორმის შლაპას და გადის ქუჩაში, სადაც აღმოაჩენს ნამდვილ, რეალურ, ცოცხალ პარიზს. ფილმი საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდშია გადაღებული – ეს არის პერიოდი, როდესაც საფრანგეთი ალჟირთან ომის ორომტრიალშია ჩართული და ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუირებულია.

ფილმის მთავარი გმირი ალჟირელ ჯარისკაცს ხვდება. მაყურებელი ხედავს, როგორ მოდიან ისინი და ლაპარაკობენ დიდხანს. კადრი ვრცელი გავლით მთავრდება, როდესაც ორივე მოდის, ისინი ხან ერთმანეთს უყურებენ, ბოლოს კი კლეო, მთავარი პერსონაჟი ქალი გვიყურებს ჩვენ, მაყურებელს”, – ყვება თეო ხატიაშვილი.

კინომცოდნე აქვე განმარტავს, რომ მზერა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია კინოში. რამდენად აქვს ქალს ეს მზერა? – კითხულობს თეო ხატიაშვილი და აქვე დასძენს, რომ, როგორც წესი, ქალი თავად არის მოქცეული კაცის მზერის ობიექტში, როგორც ეროტიკული სიმბოლო.

ანიეს ვარდას ფილმში კი კლეო, რომელიც თვითონ იყურება ეკრანიდან, იძენს ინდივიდუალურობას,და ხდება პიროვნება. ის აღარ არის თოჯინა და მასკულტურის კონსტრუირებული იმიჯი.

“ეს მზერის საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ფემინისტურ კინოსა და თეორიებში გადაჯაჭვული იქნება ქალის სხეულთან და სხეულის განსაზღვრულ სექსუალობასთან. ესეც არის ძალიან საკვანძო თემა. ქალი, როგორც ეროტიკული სიმბოლო, ტრადიციულ მეინსტრიმულ კინოში კი არის წარმოდგენილი, მაგრამ ის არის ეროტიკული ფეტიშის [ობიექტი], რომელმაც კაცს სიამოვნება უნდა მიანიჭოს.

მაშინ როდესაც ქალი რეჟისორები მათ ფილმებში სწორედ თავიანთი სექსუალობის განსაზღვრას საკუთარი სხეულის საშუალებით ახდენენ. ეს ისევე რადიკალურად განსხვავდება იმ ეროტიკული ფეტიშისგან, როგორც, ვთქვათ, კლეოს შემთხვევაში, როგორია ის დასაწყისში, სტერეოტიპში ჩასმული, და როგორად იქცევა ბოლოს”, – განმარტავს თეო ხატიაშვილი.

მისი თქმით, ვარდას ფილმი ერთ-ერთი საეტაპოა ახალი ფრანგული ტალღისთვის და თავად რეჟისორიც ითვლება ამ ტალღის გამორჩეულ ფიგურად.

“ასე რომ ,თვითონ ფილმს დამოუკიდებლად, როგორც კინემატეგრაფიულ მნიშვნელობის მქონესაც, ისტორიაში უკვე თავისი ადგილი აქვს მიჩენილი,”.

კადრი ფილმიდან – “კლეო 5-დან 7-მდე “

“ჟან დილმანი” – შანტალ აკერმანი

“ენობრივი თვალსაზრისით კიდევ უფრო ინოვაციური და რევოლუციურიც კია ბელგიელი რეჟისორის, შანტალ აკერმანის ფილმი “ჟან დილმანი”. ფილმი თითქმის სამი საათი გრძელდება და ექთნის ცხოვრებიდან ძალიან რუტინულ თანმიმდევრობას აღწერს, რომელიც, ფაქტობრივად, ინტერიერში გამოკეტილი ქალის არქეტიპული სახეა… როგორც დიასახლისი, რომელიც ერთსა და იმავე სამუშაოს აკეთებს 24 საათის განმავლობაში: საუზმის გამზადება, შვილის გაცილება, გარეცხვა, სადილის, ვახშმის მომზადება და ა.შ.,” – ყვება თეო ხატიაშვილი.

მისი თქმით, ფილმის მთავარი გმირი, ერთი მხრივ, არის უზადო დიასახლისი და დედა, მეორე მხირვ კი, ის არის მეძავი, რომელიც თავს სწორედ ამით ირჩენს. როგორც კინომცოდნე განმარტავს, ფილმის ფორმა ინოვაციურია იმიტომ, რომ რეჟისორი რუტინული დროის დინებაში მინიმალურად ერევა და მაყურებელს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ფილმი არ დამონტაჟებულა და ის რეალურ დროში უყურებს ამ ქალის ცხოვრებას.

“თან ფილმი სულ ისეთ “საშუალო ხედებზეა” აგებული, სტატიკური კამერით, რომ მაყურებელი და ჟან დილმანი ერთმანეთის პირისპირ რჩებიან, ერთმანეთს უყურებენ, მზერას უცვლიან. შესაბამისად, მაყურებლები უფრო ახლოს შედიან მასთან კონტაქტში, მის ცხოვრებას შიგნიდან ათვალიერებენ და არა გარედან, დისტანცირებული თვალით, რომელმაც ქალისგან უნდა შექმნას ეროტიკული ფეტიში იმისთვის, რომ სიამოვნება მიანიჭოს უპირველეს ყოვლისა მამაკაც მაყურებელს”,  – ამბობს კინომცოდნე.

ფილმი კადრიდან – “ჟან დილმანი” 

“ღიღილოები” – ვერა ხიტილოვა

“კიდევ ერთ რეჟისორ ქალსა და ფილმს აღვნიშნავდი, ისიც ძალიან საინტერესო და ფორმით გამორჩეულია. ეს არის ჩეხი რეჟისორის, ვერა ხიტილოვას “ღიღილოები”-  აბსურდის, დადაიზმის, სიურრეალიზმის ძალიან კარგი სინთეზი, რომელიც ასევე ჩეხური ახალი ტალღის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად ითვლება”, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

როგორც კინომცოდნე განმარტავს, ჩეხოსლოვაკიაში, იმდროისთვის სოციალისტურ ქვეყანაში, ფილმი ჩაკეტილი სისტემის მიმართ პროტესტად იყო აღქმული, თუმცა მისი წაკითხვა წმინდა ფემინისტური კუთხითაც შეიძლება.

“ორი მთავარი გმირი, ორი მარია, რომელიც ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლს წარმოადგენენ, ორი რადიკალური მეამბოხე ქალია. შეიძლება ვთქვათ, რომ [ბიბლიური] ევას შორეული შთამომავლები არიან. ფილმში მსუბუქად არის ირონიული გამოძახილი ამ არქეტიპულ სახესთან:  კერძოდ, დასაწყისში ძალიან ლამაზ, ჭრელ ხეს ვხედავთ მინდორში, ეს ორი ქალი კი მიდის მასთან და ვაშლს წყვეტს.

მაგრამ ევას ეს არქეტიპი, რომელიც ფემინისტურ თეორიებში გადათამაშებულია, წარმოჩენილია არა როგორც მაცდუნებელი ქალი, რომელმაც სამყარო გაწირა უბედურებისთვის და სამოთხე დააკარგვინა, არამედ ქალი, რომელიც მუდმივად შეცნობის, შემეცნებისკენაა მიდრეკილი. ისინი კი არ აკარგვინებენ სამოთხეს ადამიანებს, არამედ შეამეცნებენ სამყაროს, აჩვენებენ მრავალფეროვნებას”, – დასძენს თეო ხატიაშვილი.

გარდა ვაშლის მოწყვეტის ეპიზოდისა, თეო ხატიაშვილი ფილმიდან კიდევ ერთ სცენას იხსენებს, კერძოდ კი ეპიზოდს, სადაც ქალები თეთრ ზეწარს ხევენ, საიდანაც ფერადი და ლამაზი ფარდა გამოჩნდება.

“ეს სიმბოლური აქტია მათი მხრიდან იმიტომ, რომ მთელი ფილმი აგებულია მათ ასეთ, კარგი გაგებით, “თავქარიან” თავგადასავალზე, რომელთათვისაც არ არსებობს აკრძალვა.

რასაკვირველია, ეს ფილმი ასევე 1960-იანი წლების მეამბოხე სულისკვეთებასა და რიტორიკაში ჯდება, რომელიც არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ბანაკში, არამედ უფრო მეტად დასავლურ სამყაროში იყო. მკაფიო მანიფესტაციები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სლოგანი, როგორიც იყო “აკრძალულია აკრძალვა”, “იყავი რეალისტი — მოითხოვე მაქსიმალური”. ეს ორი გოგო არის ამ 1960-იანების რიტორიკის სრული ხორცხშესხმა,” – გვიყვება კინომცოდნე.

სერიალები  

“აუცილებლად მინდა ვახსენო ისიც, ბოლო წლებში სერიალები რამდენად იქცევა ფემინისტური დისკურსის შექმნის ავანგარდში. ამ სერიალებში ძალიან მნიშვნელოვანი თემა შემოდის, რომელიც კინოშიც ჩნდება, მაგრამ სერიალში მკაფიოდაა გამოკვეთილი — ე.წ sisterhood, დობის, ქალთა მეგობრობის თემა.

ისტორიის მანძილზე მამაკაცთა მეგობრობა გამჭოლი თემაა, რომელზეც აგებულია უამრავი ცნობილი ლიტერატურული თუ სხვა ნაწარმოები, რომლებიც უმღერიან ამ მეგობრობას. ქალები კი, როგორც წესი, ერთმანეთის მეტოქეები არიან. უპირველეს ყოვლისა ისინი ებრძვიან ერთმანეთს და ამ ბრძოლის საგანი ძირითადად მამაკაცი არის ხოლმე, რომ მოიპოვონ მისი სიყვარული”, – განმარტავს თეო ხატიაშვილი.

კადრი სერიალიდან – “დიდი პატარა ტყუილები”

მისი თქმით, იმ სერიალებს შორის, რომლებშიც ზემოხსენებული sisterhood-ის თემატიკაა გაშლილი – “დიდი პატარა ტყუილები” და “მხევლის წიგნი” გამორჩეულია. ხატიაშვილი დასძენს, რომ ეს ორი სერიალი უკანასკნელ წლებში ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა არა მხოლოდ ფემინისტებისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისთვისაც.

“მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, როდესაც მეინსტრიმში გადასული ტექსტები იძლევა ქალების თუ მათი ურთიერთობის შესახებ ძალიან საინტერესო სახეებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როგორ კომპლექსურად აჩვენებს პრობლემას, რაც დღესაც კი დგას ქალის წინაშე, მათ შორის ძალადობა, რაც ჩვენთვის ასე აქტუალურია” ,- ამბობს თეო ხატიაშვილი.

კადრი სერიალიდან – “მხევლის წიგნი”

ამავე თემაზე

4 აუცილებლად წასაკითხი ფემინისტური წიგნი თამთა მელაშვილისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი