ახალი ამბები

სტალინის მიერ ბალყარელების გადასახლებიდან 75 წელი გავიდა

8 მარტი, 2019 • 1312
სტალინის მიერ ბალყარელების გადასახლებიდან 75 წელი გავიდა

ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ბალყარელები სსრკ-ის მიერ ბალყარელი ხალხის ცენტრალურ აზიაში გადასახლების 75-ე წლისთავს იხსენებენ.

ბალყარელები მეტწილად მუსლიმი ხალხია, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში შემავალი ფედერაციულ ერთეულში, ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 110 000-ია.

დღეს რეგიონის მეჩეთებში აღავლინეს ლოცვები იმ ადამიანების მოსახსენიებლად, ვინც 1944-დან 1957 წლამდე ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადასახლებისას დაიღუპა.

1944 წლის 8 მარტს, რეჟიმის გადაწყვეტილებით, დაიწყო 38 000-მდე ბალყარელის, — რომელთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები იყვნენ, — გადასახლება ცენტრალურ აზიაში. მათ ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში სდებდნენ ბრალს.

ისინი, ვინც დეპორტაციას გადაურჩნენ, 1957 წელს დაბრუნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ “დესტალინიზაციის” პერიოდში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ასსრ) რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ფრთის ქვეშ აღადგინა.

ყაბარდო-ბალყარეთის მოქმედმა ლიდერმა, კაზბეკ კოკოვმა დეპორტაციას “მონსტრული დანაშაული” უწოდა. “ამ დღეს ყველანი ვგრძნობთ ტკივილს, ვიხსენებთ იმ სიმწარეს, რაც … ბალყარმა ხალხმა იწვნია და პატივს მივაგებთ უკანონობისა და შერჩევითი სამართლის უდანაშაულო მსხვერპლებს”, – განაცხადა მან 8 მარტს.

ნახეთ ასევე:

75 წელი საბჭოთა რეჟიმის მიერ ვაინახებისთვის მოწყობილი ტრაგედიიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი