ახალი ამბები

ბრალდებები უსაფუძვლოა – ფინანსთა სამინისტრო სოფრომაძეს პასუხობს

8 მარტი, 2019 • 1233
ბრალდებები უსაფუძვლოა – ფინანსთა სამინისტრო სოფრომაძეს პასუხობს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო “ფრესკოს“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად, შემდგარია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც  ვასილ სოფრომაძე არ ეთანხმება.

“ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც, საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს ასევე შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესისსექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი,”-აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო სოფრომაძის იმ ბარლდებასაც პასუხობს, სადაც ბიზნესმენი ამბობს, რომ სამინისტროს თანამშრომლები “ფრესკოდან” იპარავენ. მღაზიების ქსელის დამფუძნებელის თქმით, არსებობს შესაბამისი ვიდეოკადრებიც.

“პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს.

ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, 7 მარტს “ფრესკოს” დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მის კომპანიას უსამართლოდ უქმნის.

“ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს. ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა. დიდი ოთხეულიდან ცნობილი აუდიტორიული კომპანია მოვიწვიეთ, რომლის დასკვნამაც ქვა-ქვაზე არ დატოვა მათი შენიშვნები”, – ამბობს სოფრომაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი