ახალი ამბებისაზოგადოება

“აბორტი ქალის ფუნდამენტური უფლებაა” – ორი ქალის ისტორია

8 მარტი, 2019 • 5409
“აბორტი ქალის ფუნდამენტური უფლებაა” – ორი ქალის ისტორია

ბოლო პერიოდში ლაპარაკი აბორტის აკრძალვის შესახებ საპატრიარქოსა თუ პარლამენტში არაერთხელ დაიწყო. ასე მაგალითად, 4 მარტს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე რამდენიმე გამომსვლელი აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მანამდე კი საპატრიარქომ მოითხოვა, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს “სამოქალაქო სტატუსი” მიენიჭოს.

“საკუთარ სხეულზე აბსოლუტური კონტროლი ქალის ფუნდამენტური უფლებაა,” – ამბობს მაგდა კალანდაძე, რომელიც ნეტგაზეთს თავისი გამოცდილებისა და საკითხის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ესაუბრა.

მაგდას გარდა, ნეტგაზეთს თავისი გამოცდილება სალომე ზანდუკელმაც გაუზიარა. სალომეს მაგდასავით სჯერა, რომ მიუხედავად იმისა,  აბორტის გადაწყვეტილება უკიდურესი და რთულია, ქალს არჩევანის უფლება მაინც უნდა ჰქონდეს.

ნეტგაზეთი მათ ისტორიებს უცვლელად გთავაზობთ:

სალომე ზანდუკელი

მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, მგონია, რომ საზოგადოების 99% თანხმდება, რომ როდესაც სახეზეა გაუპატიურების შემდეგ ორსულობა, აბორტი ნორმალურია და არანაირად არ არის დემონიზირებული. მე როდესაც მსგავსი შემთხვევა მქონდა, ისეთი ადამიანები მეუბნებოდნენ, გაიკეთეო, რომლებიც ძალიან კონსერვატულ და რელიგიურ ადამიანებად მიმაჩნდა. ცოტა ვერ წარმომედგინა, ვფიქრობდი, რომ მათი ტრადიციული თუ რელიგიური შეხედულებების გამო, საპირისპირო აზრზე იქნებოდნენ.

ჩემს შემთხვევაში, საქმე ცოტა სხვანაირად იყო. იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი მეუბნებოდა გაიკეთეო, ვფიქრობდი, ხომ არ აჯობებდა, თუ დავიტოვებდი ბავშვს. ეს აზრები ჩემთან იყო გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ კი, აბორტის უფლება არის და უნდა იყოს ქალის უფლება. ეს არჩევანი ქალს უნდა ჰქონდეს.

ჩემს ისტორიაში ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი იყო არა ის… გაუპატიურების გამო ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია. ზოგი ქალისთვის მართლა შეიძლება ეგ იყოს მიზეზი, ეზიზღებოდეს ის შვილი, ვერ იღებდეს მას, რაც ასევე ძალიან ბუნებრივია. მაგრამ ჩემი მიზეზი ის იყო, რომ უბრალოდ ვერც ეკონომიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად ვერ შევძლებდი, რომ ბავშვი გამეზარდა. ამიტომ, ეს მიზეზი იქნება, თუ სხვა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ქალის ამ გადაწყვეტილებაში ვერ წარმომიდგენია – რა შეიძლება იყოს ამაში არასწორი.

კი, ის არგუმენტიც არსებობს, რომ ბავშვის სიცოცხლის უფლებაა და მკვლელობაა და ა.შ. მე ამას არ ვეთანხმები. მეტიც, ყოვლად არასწორი მგონია ამგვარი მორალური წნეხის ქალებზე გადატანა. ჩანასახი ჩანასახია და როდესაც არსებობს ცოცხალი ქალის ინტერესი და, მეორე მხრივ, ჩანასახი, მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ისევ ქალის არჩევანი უნდა იყოს უპირატესი. 

მაგდა კალანდაძე

ჩემი დამოკიდებულება იმ ინიციატივების მიმართ, რომელსაც საპატრიარქო და რადიკალურ-ფაშისტური იდეოლოგიის დეპუტატები გამოხატავენ და რომელიც აბორტის აკრძალვას ეხება, ამბივალენტურია – მერყეობს სიბრაზესა და სასაცილოდ აღქმას შორის. ვერ ვხვდები, რამდენად სერიოზული რეაქცია მქონდეს ამ აბსურდზე, რომელსაც არანაირი კომპეტენციის მქონე ადამიანები აჟღერებენ.  იმ საკითხზე, რომელიც მათ არ ეხებათ, საუბრის უფლებაც ნაკლებად აქვთ.

რაც შეეხება აბორტის უფლებას, ეს არის ის უფლება, რომელიც არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს არის ქალის ფუნდამენტური უფლება – აბსოლუტურად და თავიდან ბოლომდე ჰქონდეს საკუთარ სხეულზე კონტროლი. ჩემთვის, როგორც ამ გამოცდილების ორგზის მქონე ადამიანისთვის.. და არამარტო ჩემთვის, აბსოლტუურად ყველა ქალისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება შენარჩუნდეს. ეს ისეთივე უფლებაა, როგორიცაა მუშაობის, არსებობის უფლება – ანუ ისეთი რამ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი და საჭირო აბორტი? როგორც წესი, აქ ისეთი მოსაზრებები მოდის, რომელიც თავის მართლებას ჰგავს ხოლმე. აბორტი არის არასასურველი ორსულობის შეწყვეტა. ორსულობა არასასურველი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ქალს შვილის ყოლა არ უნდოდეს ან აღარ უნდოდეს მეტი შვილის ყოლა, ან შეიძლება უნდოდეს ქალს შვილის ყოლა, მაგრამ ეს კონკრეტული ორსულობა არ იყოს ხელსაყრელი, დროისა და სივრციდან გამომდინარე, ან, მაგალითისთვის, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მენტალური მზაობიდან გაომდინარე და ა.შ.

იმის მიუხდავად, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ ადამიანს არ უნდოდეს ორსულობის გაგრძელება, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ვალიდურია ეს მიზეზები სხვებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც ან გეთანხმებოდეს, ან არ გეთანხმებოდეს. საკუთარ სხეულზე კონრტოლი, ის პროცესები ქალის სხეულში მიმდინარეობს, რაც მის ჯანმრთელობას, ცხოვრებას ეხება, არის თავიდან ბოლომდე ქალის გადასაწყვეტი.

ასე იყო ჩემს შემთხვევაში, ასე იყო ძალიან ბევრი ქალის შემთხვევაში და ამ უფლების შეზღუდვაზე საუბარი – კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრაზსა და აგრესიას იწვევს. მაგრამ საქმე ისიც არის, რომ ამ უფლების შეზღუდვა იმდენად წარმოუდგენლად მესახება, რომ ამ საფრთხეს სერიოზულად ვერ აღვიქვამ.

თუმცა ისიც მესმის, რომ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება საკითხის მიმართ სხვა არის და სხვა არის ის რეალობა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრ ქალს ეზღუდება აბორტის უფლება.

თუ რაიმე მოხდა და საჭირო გახდება ამისთვის ბრძოლა ჩვენი, ქალებისა და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. ეს უფლება იქნება დაცული და ადამიანის უფლებები აღარ წაიწევს უკან.

რაც შეეხება იმ დისკუსიას, რომ აბორტით ბავშვის სიცოცხლე იზღუდება – მე ამ დისკუსიაში საერთოდ არ შევდივარ. ჩანასახი არის ჩანასახი, ბავშვი არის ბავშვი. ის ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობს, ჩემს სხეულში, რომლის დონორიც მე ვარ და რომელიც განსაზღვრავს ჩემს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ექვემდებარება თავიდან ბოლომდე ჩემს კონტროლს.

რას ამბობს სახელმწიფო

“აბორტი არის უმძიმესი ტრავმა, როგორც მორალური, ისე ფიზიკური. ის საუბარი, რომ აბორტი მისაღები ან კარგია – ასეთი დისკუსია ჩვენს საზოგადოებაში საერთოდ არ არსებობს. აბორტი არის ძალიან ცუდი და როდესაც ქალი მიდის ამ გადაწყვეტილებამდე, ეს ყოველთვის არის უკიდურესი ზომა,” – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კაკი ზოიძე.

მისი თქმით, საზოგადოება ორიენტირებული უნდა იყოს, რომ აბორტის ოდენობა შემცირდეს, თუმცა, არა აკრძალვის, არამედ განათლებისა და ქალების ხელშეწყობის გზით. კაკი ზოიძე დასძენს, რომ საქართველოში მანამდეც არსებობდა აბორტების აკრძალვის პრაქტიკა, თუმცა, ამას ყოველთვის უკუშედეგი მოჰქონდა .

“აბორტების აკრძალვამ მოიტანა ის, რომ აბორტებმა გადაინაცვლა იატაკქვეშ და ე.წ. “აბორტმახერების” მთელი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ძალიან დიდი პრობლემები იყო დაკაშირებული სწორედ დედათა სიკვდილობისა და მათი ჯანმრთელობის შეუქცევად გართულებებთან, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხდებოდა იატაკქვეშ,” – განმარტავს კაკი ზოიძე.

ზოიძე დასძენს, რომ ამ პრობლემბის გადაწყვეტა მხოლოდ ქალებთან და მედპერსონალთან მუშაობით გადაწყდება. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს განათლება ქალების ჯანრმთელობის შესახებ და ხალხს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა.

კაკი ზოიძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერის გაზრდით აბორტების ოდენობა დაახლოებთ 15 000-ით შემცირდა და 45 000-დან 30 000-მდე ჩამოვიდა. მისი შეფასებით, ეს რიცხვი მაინც დიდია, თუმცა დადებითი ტენდენცია არსებობს.

“ბოლო დროს  საზოგადოებაში უფრო და უფრო ხშირად განიხილება სელექციური აბორტების საკითხი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2010-დან 2015 წლამდე საქართველოში 30 000 გოგო არ დაიბადა. ეს არის მიუღებელი და თუ ჩვენ რაიმე ცვლილებაზე ვიმსჯელებთ, საუბარი სწორედ ამ კუთხით უნდა წავიყვანოთ.

დღესდღეობთ მინისტრის ბრძანებით არის აკრძალული სამედიცინო პერსონალისთვის 3 თვემდე ორსულისთვის სქესის  გამხელა, მაგრამ რამდენად სრულდება ეს საკითხი და რამდენად კიდევ აქტუალურია სეელექციური აბორტების პრობლემა, ეს კიდევ ერთხელ შესასწავლია,” – ამბობს კაკი ზოიძე.

კაკი ზოიძე ნეტგაზეთთან იხსენებს, რომ წინა წელს პარლამენტში აბორტების აკრძალვის ინიციატივა შემოვიდა, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა.

“… სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც მე დაგისახელეთ. დღესაც შეიძლება შემოვიდეს საკანონმდებლო წინადედება, მაგრამ მე ვერ ვხვედავ საფუძველს, რომ ჩვენი არგუმენტი შეიცვალოს.

სელექციურ აბორტებზე შეიძლება ვიფიქროთ, თუ არის ამის საჭიროება, რომ პრევენციის კუთხით კანონმდებლობა გავამკაცროთ. მაგრამ ესეც უფრო მედპერსონალს მიემართება, რისი გაკონტროლებაც რთული იქნება. ყოველთვის შეიძლება, რომ ექიმმა ორსულს რაიმე ჩუმად უთხრას,” – განმარტავს კაკი ზოიძე.

ამავე თემაზე

საპატრიარქო ითხოვს, რომ მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს

არგენტინაში აბორტის აკრძალვის გამო 11 წლის გოგომ სექსუალური მოძალადისგან შვილი გააჩნია

ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი