ახალი ამბები

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ფაქტს, როცა სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს – კალაძე

8 მარტი, 2019 • 794
2012 წლიდან ვერ  დამისახელებთ ფაქტს, როცა სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, 2012 წლიდან ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის არცერთი ფაქტი არ ყოფილა.

“2012 წლიდან თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს. არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას პასუხი მოეთხოვება,”-აცხადებს კახა კალაძე.

გუშინ, 7 მარტს “ფრესკოს” დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც, მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მის კომპანიას უსამართლოდ უქმნის.

“ერთი წელია ჰაერში ვყავარ დაკიდებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს. ყველა რეგლამენტის დარღვევით, ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა. დიდი ოთხეულიდან ცნობილი აუდიტორიული კომპანია მოვიწვიეთ, რომლის დასკვნამაც ქვა-ქვაზე არ დატოვა მათი შენიშვნები”, – ამბობს სოფრომაძე და დასძენს, რომ ის ამის გამო ღიად იბრძვის და ლაპარაკობს, მაგრამ “რამე შეიცვალა?”,”-ამბობს სოფრომაძე.

ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ბიზნესმენის ამ განცხადებას უწყება მოგვიანებით უპასუხებს.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს. გიორგი გახარია წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფს.

კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილია.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელთა შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იყო,  “პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ” ტელეკომპანია “იბერიის” დათმობა მოითხოვეს. “პრობლემებში” იგულისხმება “ომეგა ჯგუფის” დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც 50 მილიონს აჭარბებს.

ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს “რუსთავი 2″-ს მისცა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ 4 მილიონის გადახდა პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი