ახალი ამბები

ბახტაძის, სააკაშვილის, კალაძისა და სხვების სარვამარტო მილოცვები — ისევ ყვავილებით

8 მარტი, 2019 • 5507
ბახტაძის, სააკაშვილის, კალაძისა და სხვების სარვამარტო მილოცვები — ისევ ყვავილებით

ქალთა საერთაშორისო დღის, სარვამარტო მილოცვებში პოლიტიკოსების ნაწილმა 2019 წელს ისევ გამოიყენა ყვავილები. არადა, უკვე წლებია, ქალთა უფლებების აქტივისტები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური მნიშვნელობის დღეა და არა “ყვავილების ჩუქების დღე”.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის და თბილისის მერი კახა კალაძის ფეისბუკის გვერდებმა სარვამარტო მილოცვების ტექსტები ყვავილების ფონზე გამოაქვეყნეს. იგივე გააკეთეს როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე სხვადასხვა პარლამენტარის — მამუკა მდინარაძის, გიორგი მოსიძის ფეისბუკის გვერდებმა.

“პარლამენტის აპარატის თანამშრომელ თითოეულ ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ღირსეული ქალბატონი დგას საქართველოს პარლამენტის სამსახურში. მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები და ბედნიერება”, – დაწერა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარვამარტო ტექსტი ასეთია: “ამჯერად შორიდან გილოცავთ 8 მარტს, უძვირფასესო ქალბატონებო”. სააკაშვილმა გააზიარა ძველი ვიდეო, როდესაც თბილისის ქუჩებში დადის და ქალებს ყვავილებს ჩუქნის.

ამას გარდა, 8 მარტს კახეთის გზატკეცილზე გამართულ ღონისძიებაზე კალაძემ ქალ ჟურნალისტებს გადასცა ყვავილების თაიგულები.

 


საზოგადოებაში დღემდე პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხი, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროება, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. 2019 წლის ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში გამართული სხვადასხვა აქციის მოთხოვნაც ამ და სხვა საკითხებს უკავშირდება.

ნახეთ ასევე:

რატომ არ უნდა უსურვოთ ქალებს “ქალური ბედნიერება”

დეპუტატი ქალებს “ქალურ ბედნიერებას” უსურვებს

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა 1975 წელს, თუმცა ამ დღის ისტორია მე–20 საუკუნის პირველ ათწლეულში იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი