ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზებთან საერთო საკითხზე მუშაობა დაგვაახლოებდა” – ხვთისო ადოლაშვილი

13 მარტი, 2019 • 2725
“აფხაზებთან საერთო საკითხზე მუშაობა დაგვაახლოებდა” – ხვთისო ადოლაშვილი

ხვთისო ადოლაშვილი, სტუდენტი, თბილისი


თითქმის სამი ათწლეული გავიდა, რაც საომარი მოქმედებების შემდეგ აფხაზეთი დავკარგეთ. თუმცა კონფლიქტური მხარეების შერიგება და დაძაბული სიტუაციის განმუხტვა მაშინ უფრო ადვილი იყო, ვიდრე დღეს.

საუბარი იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო წლების წინ, სწორედ ჩვენს დროში ხდება აქტუალური, რადგან რაც დრო გადის, ვრწმუნდებით,  რომ უფრო რთული გვეჩვენება ქართულ-აფხაზური მხარეების შერიგება. მას შემდეგ არაერთი მოლაპარაკება გაიმართა ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის, თუმცა, შეთანხმების მიღწევა ყოველთვის პრობლემად რჩებოდა პოლიტიკური საკითხების გამო.

დღეს კი, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზეც კი რთულია საუბარი, ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ პოლიტიკურ საკითხებს დროებით არ შევეხებით და წავახალისებთ ქართულ-აფხაზურ სტუდენტურ პროექტებს.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტი იქნებოდა როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში VIII-X საუკუნეების „ქართულ-აფხაზური ხუროთმოძღვრების ძეგლების შესწავლა“.

ეს ეპოქა საქართველოს ისტორიაში „აფხაზთა სამეფოს“ სახელით არის ცნობილი.  პროექტი ერთნაირად საინტერესო იქნებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი სტუდენტებისთვის.

ჩემი აზრით, დღეს სწორედ საერთო ისტორიულ ასპექტებზე საუბარი იქნება მართებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობოდა ისტორიული ძეგლების მონახულება. აფხაზეთში აფხაზი სტუდენტები უმასპინძლებდნენ ქართველ სტუდენტებს, ხოლო აქეთ, ქართული მხარე მიიღებდა. მოხდებოდა ძეგლების შესწავლა. ასევე, ორივე მხარე იმსჯელებდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სარესტავრაციო სამუშაოებია საჭირო ამა თუ იმ ძეგლისთვის. საერთო საკითხზე მუშაობით უფრო მეტად დავახლოვდებოდით.

ჩემი აზრით,  ვიდრე პოლიტიკურ საკითხებს შევეხებოდეთ, უმჯობესია, ვიფიქროთ ურთიერთობების აღდგენაზე, თუნდაც ერთობლივი სტუდენტური პროექტების დაწყებით. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივები მომავალში გაანეიტრალებდა და მოხსნიდა დაძაბულობას მხარეებს შორის.  


მასალების გადაბეჭდვის წესი