ახალი ამბები

4 აუცილებლად წასაკითხი ფემინისტური წიგნი თამთა მელაშვილისგან

8 მარტი, 2019 • 4519
4 აუცილებლად წასაკითხი ფემინისტური წიგნი თამთა მელაშვილისგან

თამთა მელაშვილი არაერთი საერთაშორისო თუ ქართული ლიტერატურული პრიზის მფლობელი თანამედროვე მწერალი და გენდერის მკვლევარია. სხვა აღიარებებთან ერთად, მისი სადებიუტო რომანი “გათვლა” ფრანკფურტში, გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემიის გამარჯვებულია.

ნეტგაზეთმა თამთა მელაშვილს სთხოვა, დაესახელებინა, მისი აზრით, 4 საუკეთესო ფემინისტური ლიტერატურული ნაწარმოები.

“დედის რძე” – ნორა იკსტენა

“დედის რძე” თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას რომანია, რომელიც საქართველოში გამოსცა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში.” რომანში აღწერილია ცხოვრება და ადამიანური ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ან ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. წიგნს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი.

“წიგნები ბათუმში” წერს, რომ წიგნის პერსონაჟი დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია. რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება.

“ნორა ისტენას „დედის რძე“ შეიძლება მოგეწონოს და შეიძლება არა, მაგრამ მას დიდხანს ვერ დაივიწყებ – ისეთ ტაბუს ეხება, როგორიც დედაშვილური სიყვარულია. მერე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს სვამ – რამდენად უპირობოა ეს სიყვარული? ან რა არის უპირობო სიყვარული? ეს რომანი უახლოეს საბჭოთა წარსულზეც ბევრს გაფიქრებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად გიყვება ტოტალიტარული და პატრიარქალური სახელმწიფოს და ქალის ურთიერთობაზე, არაკონფორმისტი ქალების მარგინალად ქცევის სისასტიკეზე” ,- ამბობს თამთა მელაშვილი.

“დედის რძე” ფოტო: “წიგნები ბათუმში”

“ევაკუაციის გეგმა” – ეკა ქევანიშვილი

“ევაკუაციის გეგმა” პრემია “საბას” ლაურეატ ეკა ქევანიშვილის კრებულია. წიგნი გამომცებლობამ “წიგნები ბათუმში” გამოსცა და, როგორც თავად გამოცემა განმარტავს, კრებულს  თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული.

წიგნში თავმყორილია ლექსები “სიყვარულის აუცილებლობასა და სიცოცხლის უფლებაზე”.

“ეკა ქევანიშვილის “ევაკუაციის გეგმა” საუკეთესო ფემინისტური და სოციალური პოეზიაა. ეს არაა ახალი წიგნი, მაგრამ თემები, რომლებსაც ეკა ეხება, თითქმის არასოდეს ძველდება და ძალიან ხელშესახებია. შესაბამისად, კითხვისას მოსული ემოციაც და შეგრძნებებიც მუდმივად მძაფრი და განახლებადია”, – მიიჩნევს თამთა მელაშვილი.

“იისფერი” – ელის უოკერი

ელის უოკერი თანამედროვე ამერიკელი მწერალია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი “იისფერი” გამომცემლობა “ინტელექტმა” ქართულ ენაზე თარგმნა. “საბას” საიტზე ვკითხულობთ, რომ წიგნი ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.

წიგნის მოქმედება 1930-იანი წლების აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში ხდება. მასში მთხრობილია აფროამერიკელი ქალების მძიმე ცხოვრება. “საბა” წერს, რომ ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემიები მიიღო.

“ელის უოკერის “იისფერი” იშვიათი და ამიტომაც, გამორჩეული წიგნია. აქ იმას ჰყვებიან, რასაც სხვაგან. ალბათ, იშვიათად წაიკითხავთ, რომ შეიძლება ძალიან სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ ქალებმა ყოველთვის შეიძლება მოძებნონ სივრცეები ერთმანეთის ხელის ჩასაჭიდებლად, უკეთესად ყოფნისათვის”, – გვიყვება თამთა მელაშვილი.

“ფემინისტური საკითხავი” – ბიოლის ფონდი

“ფემინისტური საკითხავი” აკადემიური ტექსტების კრებულია, რომელიც “ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა” გამოსცა. ორგანიზაცია წერს, რომ კრებული აერთიანებს მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნილ ფემინისტური თეორიის უმნიშვნელოვანეს ტექსტებს.

თამთა მელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს კრებული ქალების გასაძლიერებლად დიდ სააზროვნო სივრცეს ქმნის.

“ფემინისტური საკითხავი” ბიოლის ფონდის უახლესი აკადემიური ტექსტების კრებულია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა. “ფემინისტური საკითხავიც” ბევრ და მრავალნაირ სააზროვონო სივრცეს ქმნის ქალების გასაძლირებლად”, – ამბობს თამთა მელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი