ბახტაძე ანაკლიის პორტზე ოპოზიციის განცხადებებს “იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას” უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ოპოზიციის განცხადებებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ “იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას” უწოდებს.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიციას აქვს იმის მცდელობა, რომ პროფესიულად სამსჯელო საკითხიდან [თიბისის საქმმე] აქცენტი გადაიტანონ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე. მისი თქმით, ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას ანაკლიის პორტზე, რომ რთულია ემოციების გარეშე ამის შეფასება:

არა მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, რამდენიც მე – გინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრობისას და გინდა საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში”, – ამბობს ბახტაძე.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის საქართველოსთვის და უფრო მეტიც:

ის გახლავთ ჩემი ხედვის და სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადით და მივიღეთ ძალიან მაღალი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. რა თქმა უნდა, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა წარმოდგენილ პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში ანაკლია შეიყვანა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნუსხაში. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა – ამის მერე როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი მე ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს სრულიად უპასუხისმგებლო”.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს არის პასუხისმგებლიანი მოქალაქე, საკუთარ თავს ნამდვილად არ მისცემს ამ საკითხით პოლიტიკური სპეულაციის უფლებას.

ამის გათვალისწინებით, როგორც პრემიერი აცხადებს, მხოლოდ ერთი მოსაზრება რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ “ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ პროფესიულად სამსჯელო საკითხიდან აქცენტის გადატანა ხდება ასეთ სტრატეგიულად მნიშვნლოვან პროექტზე”.

კიდევ ერთხელმ მსურს დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი მთავრობისთვის. მე ბრიუსელში კიდევ ერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობა ყველა საერთაშორისო ფინანსურს ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს და ასეთი მაღალი პერსპექტივით უყურებს ამ პროექტს”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თიბისის საქმეზე დაწყებული გამოძება შესაძლოა უკავშირდებოდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის ხელში ჩაგდების ან შეჩერების სურვილს, რადგან პორტის კონსორციუმის დამფუძნებელი სწორედ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეა.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო უწყებები ცდილობენ ფულის გათეთრება დააბრალონ. მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მას შს მინისტრი დაემუქრა კიდეც, გიორგი გახარია კი ბრალდებას უარყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.