ახალი ამბები

დიღმის მასივში ალვის ხეებს ნეკერჩხლითა და უნგრული ცაცხვით ჩაანაცვლებენ

7 მარტი, 2019 • 1813
დიღმის მასივში ალვის ხეებს ნეკერჩხლითა და უნგრული ცაცხვით ჩაანაცვლებენ

დიღმის მასივში ალვის ხეებს დიდი ზომის ნეკერჩხლებითა და “უნგრული ცაცხვით” ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავარდაშვილმა განაცხადა ქალაქის მერთან ერთად ფეისბუკ-ლაივისას.

ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დასვა კითხვა, რას აპირებდა მერია დიდ დიღომში ალვის ხეებთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, ქარის დროს პრობლემებს ქმნის.

“ალვიის ხეები დიღმის მასივში მართლაც სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ყველა ვადაგასული და ძველია. მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ფორმირებას, მაგრამ რაოდენობრივად ძალიან ბევრია. დროულად ყველას მოვლა ვერ ხერხდება.

დიდუბის რაიონის გამგეობამ გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით გადაწყვიტა, წელს გააკეთოს ასეთი პროგრამა: რასაც მოვახერხებთ ყველა ალვის ხე, რომელსაც ვადა აქვს გასული და ცენტრალურ ქუჩებზე დგას და საშიშროებას ქმნის, თუნდაც უკვე ფორმირებული, ძირიანად მოვჭრათ და ჩავანაცვლოთ დიდი ზომის ნეკერჩხლით ან უნგრული ცაცხვით”, – განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დიღმის მასივში ყველა ალვის ხე ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი