ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი სამინისტროების რაოდენობას 12-მდე ამცირებს

7 მარტი, 2019 • 796
სომხეთი სამინისტროების რაოდენობას 12-მდე ამცირებს

7 მარტს სომხეთის მთავრობამ სამინისტროების რაოდენობის შემცირების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროთა რიცხვი 17-დან 12-მდე შემცირდება, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი უმუშევარი რჩება.

უქმდება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები. ამასთან, ახალი სტრუქტურა ითვალისწინებს, რომ პრემიერ-მინისტრს, სამის ნაცვლად, ორი ვიცეპრემიერი ეყოლება.

  • განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები ერთი უწყებად ჩამოყალიბდება;
  • იგივე ბედი ელის ენერგეტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროებს, რომლებიც “ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში” გაერთიანება.
  • სამინისტრო დიასპორის საკითხებში მთლიანად უქმდება.

ახალმა, პოსტრევოლუციურმა მთავრობამ, რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია, კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. როგორც რადიო თავისუფლება წერს, პარლამენტი, რომელსაც ფაშინიანის “ჩემი გზის” ალიანსი აკონტროლებს, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს მთავრობის ახალ სტრუქტურას.

მცირე მთავრობის ეს გეგმა ხელისუფლებამ 2018 წლის დეკემბერში წარადგინა, რამაც გამოიწვია ასობით დასაქმებულის პროტესტი.

ფაშინიანი აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს. “დიახ, იქნება თანამშრომელთა შემცირებები, მაგრამ ეს ადამიანები ევოლუციის გზას გაივლიან”.

დოკუმენტში, რომელმაც, წინა მმართველი პარტიის, რესპუბლიკური პარტიის თანახმად, მთავრობიდან გაჟონა, წერია, რომ უახლოეს თვეებში სამსახურიდან 10 000-მდე საჯარო მოხელეს დაითხოვენ; თუმცა ფინანსთა მინისტრმა ატომ ჯანჯუღაზიანმა უარყო ეს ცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი