ახალი ამბები

ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს ვერ უპასუხა – პროკურორი

7 მარტი, 2019 • 1223
ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს ვერ უპასუხა – პროკურორი

გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ქადაგიძეს თიბისი ბანკის საქმეზე კითხავდნენ.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებას ქადაგიძესთან, როგორც საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, კითხვები 2008 წელს თიბისი ბანკის შემოწმების პროცესთან დაკავშირებით ჰქონდა. თუმცა, ტყეშელაშვილის თქმით, მისგან პასუხები ვერ მოისმინეს.

“გიორგი ქადაგიძემ გამოძიების შეკითხვებს ვერ გასცა პასუხები.

…გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ სააგენტოს აქვს ჩატარებული თიბისი ბანკის შემოწმება და გიორგი ქადაგიძე, როგორც ხელმძღვანელი, იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. შესაბამისად, ვინაიდან ჩატარებულია შემოწმება, ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით და, როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი, არც შემოწმების შედეგები”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, გიორგი ქადაგიძე განმეორებით გამოკითხონ, პროკურორს არ უპასუხია.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სასამართლოში დღეს, 7 მარტს გამოკითხეს თიბისი ბანკის 2008 წლის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ქადაგიძემ თქვა, რომ პროკურორმა მას კითხვა ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით დაუსვა.

ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია – ქადაგიძე TBC-ის საქმეზე


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა

მასალების გადაბეჭდვის წესი