ციხელაშვილი პუტინი-ბიბილოვის შეხვედრაზე: ფორმაც, ფაქტიც და შინაარსიც არალეგიტიმურია

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მედიასთან გამოეხმაურა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტების კრემლში შეხვედრას.

“ფორმაც, ფაქტიც და შინაარსიც ამ შეხვედრის არამხოლოდ არალეგიტიმურია, არის განაცხადი ოკუპაციისა”, – განაცხადა მინისტრმა.

ციხელშვილის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის.

“რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც დღეს ჩვენ გვაქვს ცხინვალის რეგიონში გაფართოებული რუსული სამხედრო ბაზა. ამ თვალსაზრისით, ალბათ, მნიშვნელოვანია რუსეთისთვის მოკლევადიანი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები, რომლის მიღწევასაც ის ცდილობს ფართო გავლენებისთვის. ეს პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის, რადგან ის გადის ადამიანის ინტერესებზე, მათ ხარჯზე, ფაქტობრივად, ტყვეობაში ჰყავს აყვანილი საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალის რეგიონში დარჩენილი მოსახლეობა.

დღესაც, როდესაც ეს შეხვედრა შედგა, გადაადგილება დანარჩენ საქართველოსთან არის სრულიად შეზღუდული, ჩაკეტილია მიმოსვლა ორი თვის განმავლობაში. ეს არის უკანონობა, პროვოკაციული ნაბიჯი და განაცხადი, რომ რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას”.

6 მარტს კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა. მხარეთა ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუსეთის ფედერაციამ, სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი