ახალი ამბები

ალბათ, მალე “ენკი-ბენკიზეც” იქნება საუბარი – კალაძე ხაზარაძის წერილზე

7 მარტი, 2019 • 969
ალბათ, მალე “ენკი-ბენკიზეც” იქნება საუბარი – კალაძე ხაზარაძის წერილზე

თბილისის მერი კახა კალაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება, რომელიც, ხაზარაძის თქმით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა. კალაძე ამბობს, რომ წერილში “ტვ პირველისა” და “არტარეას” ხსენება მისთვის ღიმილის მომგვრელია და დასძენს, რომ მალე შესაძლოა საუბარი საბავშვო ტელემაუწყებელს – “ენკი-ბენკისაც” გადასწვდეს.

“რა შუაშია მედია, ჩემთვის გაუგებარია. მე არ ვიცი, ეს რა წერილია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური… მე ბევრი რამ წამიკითხავს გარდა ამ წერილისა.. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი რაღაცის დაწერა.

ცოტა ღიმილის მომგვრელი იყო ყველაფერი ის, რაც ეწერა. საერთოდ გაუგებარია, რა შუაში იყო “ტვ პირველი”, რა შუაში იყო “არტარეა”, ალბათ, მომავალში “ენკი-ბენკიზეც” იქნება საუბარი”. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს,” – ამბობს კახა კალაძე.


5 მარტს, სასამართლოში დაკითხვის შემდეგ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილის ასლი მოსამართლესა და პროკურატურას გადასცა, ხოლო ორიგინალი ლონდონში გაგზავნა ექსპერტიზაზე. ეს წერილი პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილში საუაბრია ტელეკომპანია პირველზე, რომ მას “იმედის” მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როგორც ცნობილია, არჩევნების პერიოდში იმედი “საგანგებო რეჟიმზე” გადავიდა. ამასთან, წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძემ უნდა ისაუბროს იმ მძიმე “პირობებზე”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბიზნესს უწევდა ყოფნა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უწყების მტკიცებით, ის წერილია, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, ასევე ნახსენებია “არტარეა”. “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”. სატელევიზიო არხი თიბისი ბანკთან არის დაკავშირებული.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – ამბობს ხაზარაძე. გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით.

შპს “სამგორი თრეიდი” და შპს “სამგორი M” ტელეკომპანია პირველის მფლობელებთან დაკავშირებული კომპანიებია.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი და სხვა ბიზნესები არაერთხელ გამხდარა სახელმწიფო შევიწროების მსხვერპლი. მისი თქმითვე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისგან ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ, რაც სრულიად მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი