განათლების დაფინანსება 2022 წლისთვის მშპ-ის 6% გახდება – ბახტაძე

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ”.

“დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის განხორციელდება ხუთი მიმართულებით:

  • ადრეული და სკოლამდელი განათლება,
  • საშუალო განათლება,
  • პროფესიული განათლება,
  • უმაღლესი განათლება
  • მეცნიერება.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა, მაგრამ ახლა ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა. განათლების სფეროში მიმართლი დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – “საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით”, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც, გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი 10-11%-იანი ზრდით”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

“ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი
იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპრეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად”, – განაცხადა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი