ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

საბჭოთა კავშირის 6 პარადოქსი – დავით ზურაბიშვილი

7 მარტი, 2019 • 11588
საბჭოთა კავშირის 6 პარადოქსი – დავით ზურაბიშვილი

70-80-იანი წლები საბჭოთა კავშირის ისტორიაში უძრაობის (ზასტოი) ხანად იწოდება. ესაა პერიოდი, როცა სისტემა ეკონომიკურმა სტაგნაციამ და იდეურმა კრიზისმა მოიცვა. ამავე ხანას ეხება ცნობილი ანეკდოტი 6 პარადოქსის შესახებ, რომელიც ნათლად აღწერს მოცემულ პერიოდში არსებულ სოციალურ ვითარებასა და რიგითი ადამიანების მდგომარეობას.

“საბჭოთა საქართველო და საბჭოელი ქართველები” – ლექციაზე, ამ სახელწოდებით, “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, საბჭოთა საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით კი, უძრაობის ხანა, ზემოხსენებული 6 პარადოქსის საფუძველზე მიმოიხილა. “ნეტგაზეთი” სწორედ ლექციის ამ მონაკვეთს გთავაზობთ.

I პარადოქსი

უმუშევრობა არ არის, მაგრამ არავინ მუშაობს

უმუშევრობა საბჭოთა კავშირში, ოფიციალურად, მართლაც არ იყო. უფრო მეტიც – უმუშევრობა ისჯებოდა. მაგალითად, ამ ბრალდებით ციხეში იჯდა ცნობილი რუსი მწერალი იოსიფ ბროდსკი. ერთი წელი ჰქონდა მისჯილი ადამიანს იმისთვის, რომ არ მუშაობდა.  თუმცა, მაგალითად, ქალებს ეს არ ეხებოდათ – მათ შეეძლოთ, არ ემუშავათ და დიასახლისები ყოფილიყვნენ.

უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებდი, განაწილების წესით გიშვებდნენ სამსახურში. როგორც წესი, უნდა ჩაგეწყო, რომ კარგ სამსახურში მოხვედრილიყავი, დარჩენილიყავი თბილისში და არ წასულიყავი, მაგალითად, მესტიაში, ყაზბეგში ან სხვაგან.

მაგრამ საბჭოთა კავშირში 70-იანი წლები უკვე ის პერიოდია, როცა ის იდეურად გაკოტრდა – განსაკუთრებით, საქართველოში, თითქმის აღარავის სჯეროდა იმ უტოპისტური იდეალების, რის გამოც ამდენი რეპრესია და უბედურება მოხდა. რწმენა საკმაოდ შერყეული იყო და ნიჰილიზმი ჭარბობდა.

ასეთივე დამოკიდებულება იყო სახელმწიფოს მიმართ – მათ შორის, საქართველოში, სადაც ქართველი საბჭოთა კავშირს სამშობლოდ არ მიიჩნევდა. ის მუდმივად თავს არიდებდა საბჭოთა სამხედრო სამსახურს; ცდილობდა, არ წასულიყო ჯარში, ან თუ წაიყვანდნენ, მოწყობილიყო თბილ ადგილას და არ ეკეთებინა არაფერი.

მოკლედ, ადამიანები ცდილობდნენ, არ ემუშავათ, ნაკლებად დახარჯულიყვნენ სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოს მიმართ იყო საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულება – სახელმწიფო იყო ის, რასაც თუ წაგლეჯდი და წაღლეტდი, საზოგადოებრივი მორალის დონეზე დანაშაულად არ ითვლებოდა.

მოკლედ, ეს იყო პირველი პარადოქსი – უმუშევრობა არ არის, თუმცა არავინ მუშაობს – მუშაობდნენ უხარისხოდ, თავს არავინ იკლავდა. სახელმწიფოს მიმართ ადამიანებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ ჰქონდათ. უბრალოდ, არსებობდა თამაშის წესები, რომლებშიც უნდა ჩამჯდარიყავი.

მახსოვს, ოთარ ჭილაძემ ერთ შინაურულ საუბარში თქვა – მესამე მსოფლიო ომზე რომ ლაპარაკობენ, ნამყოფი ვარ საბჭოთა ჯარში და ვიცი, რა როგორ აქვთ მოწყობილიო. დარწმუნებული ვარ, მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, არცერთი რაკეტა არ აფეთქდება და არ გაისვრის, ყველას რაღაც ნაწილი ექნება მოპარულიო.

მართლაც ასე იყო – ყველა იპარავდა, არავინ იღვწოდა სერიოზულად. ეს მუშაობა იყო ყალბი, ისევე როგორც შრომის გმირების კულტი.

ისიც ითქვა, რომ საქართველო აწარმოებდა მეტ ჩაის, ვიდრე ჩინეთი. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია – როგორ შეიძლება, ჩინეთზე მეტი აწარმოო. რამდენი ჩაის ფოთოლიცაა საქართველოში, იმდენი ჩაის მკრეფავია ჩინეთში.

II პარადოქსი

არავინ მუშაობს, თუმცა გეგმები სრულდება

საბჭოთა კავშირის ეკონომიკა იყო გეგმური. ყველაფერი იყო დაგეგმილი – ზემოდან ქვემოთ – ვის რამდენი უნდა გაეკეთებინა, რომელ საწარმოს რამდენი პროდუქცია უნდა ეწარმოებინა და ა.შ. ყველაფერი იყო დაგეგმილი და ამას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტი. ის გეგმავდა ყველაფერს. გეგმის არშესრულება ისჯებოდა.

გეგმას ყველა ასრულებდა, თუმცა ეს იყო სიყალბე. თითქოს ჩაის წარმოებაში ჩინეთს ვუსწრებდით, ღვინოში კი – საფრანგეთს, იტალიასა და ასეთ ქვეყნებს. როგორ ვუსწრებდით? – ეს ღვინო არ დაილეოდა. ვისაც ახსოვს, რა ღვინოც გამოდიოდა, ეს იყო შაქარი და წყალი. ღვინის ნასახი არ იყო მასში.

სამაგიეროდ, გეგმები ყოველწლიურად იზრდებოდა, სრულდებოდა და სოციალისტური შრომის გმირებიც ხდებოდნენ ადამიანები.

III პარადოქსი

გეგმები სრულდება, თუმცა მაღაზიაში არაფერი არ არის

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დაპყრობილი ტერიტორიიდან შემოზიდული საქონელი გაიყიდა, 70-80-იან წლებში, დადგა დეფიციტის პერიოდი. იყო რაღაცები, რაც უბრალოდ არ იშოვებოდა. მაგ.: მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმელი თითქმის არავის ეცვა. ყველა ყიდულობდა ე.წ. სპეკულიანტებთან. ამ პროდუქციის ძირითადი შემომტანები იყვნენ სპორტსმენები და მოცეკვავეები, ასევე, მეზღვაურები. ჯინსი ყველას ეცვა, მაგრამ მაღაზიაში ფიზიკურად არ იყო.

იყო პერიოდები, როცა, მაგალითად, ყველი და ძეხვი მაღაზიაში არ იყიდებოდა. ტალონზე იყო შაქარი და კარაქი. იმდენად დიდ კრიზისში შევიდა ეკონომიკა, რომ ეს და სხვა პროდუქტები ოჯახებზე გრამობით ნაწილდებოდა. განსაზღვრულზე მეტის ყიდვა თუ გინდოდა, ბაზარში უნდა წასულიყავი, სადაც გაცილებით მეტი ღირდა ყველაფერი.

ხელფასი ძალიან მაღალი არ იყო. საშუალო ხელფასი არ აჭარბებდა 200-250 მანეთს. ასე რომ, ჩვენთან რომ ამბობენ ხოლმე, 37 მანეთად მიფრინავდნენ მოსკოვშიო, ამ ფულს ნუ ეხუმრებით, არცთუ ისე ცოტა იყო.

მე, მაგალითად, კარგ ლიტერატურულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიყავი რედაქტორი მხატვრული თარგმანის კოლეგიაში და მქონდა 140 მანეთი, მეტი არა. მამაჩემი მინისტრის მოადგილე იყო და ჰქონდა 400 მანეთზე მეტი. ყველაზე კარგი ხელფასი ჰქონდა მეცნიერებათა აკადემიის წევრს, 1000 მანეთამდე. ეს ძალიან ბევრია. გამოთქმაც კი იყო, პროფესორის შვილი ხომ არ ხარო? პროფესორის ოჯახი მდიდარ ოჯახად ითვლებოდა.

IV პარადოქსი

არაფერი არ არის, თუმცა ყველას ყველაფერი აქვს

ყველას ყველაფერი რატომ ჰქონდა? – იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ყიდულობდა სხვაგან.

ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა მუსიკა და მქონდა შემთხვევა, როცა ჯორჯ ჰარისონის დისკი ვიყიდე, რომელიც სულ ორი კვირის გამოცემული იყო. საიდან უნდა მქონოდა? – ვიღაცებს ჩამოჰქონდათ, მერე მივდიოდით და ვყიდულობდით. იაფი არ ღირდა – 100 მანეთი გადავიხადე ამ დისკში, მახსოვს, თითქმის მთელი თვის ხელფასი.

ვისაც ფული ჰქონდა, ჰქონდა საშუალება, რომ ეყიდათ. საიდან ჰქონდათ ეს ფული, თუ ხელფასები ასეთი დაბალი იყო? – იპარავდა. 70-80-იან წლებში კორუფცია იყო საყოველთაო, პრაქტიკულად, ცხოვრების წესი, და ეს არ ითვლებოდა “ცუდ ტიპობად”. საზოგადოებრივი მორალის დონეზე ასე იყო, თორემ კანონით, წესით, არ შეიძლებოდა. მთავარი იყო, გარკვეული წესები არ დაგერღვია, თორემ დიდად არც არავის იჭერდნენ.

V პარადოქსი

ყველას ყველაფერი აქვს, თუმცა ყველა უკმაყოფილოა

არავინ იყო კმაყოფილი, ბედნიერი არ იყო ხალხი.

განსაკუთრებით, საქართველოში – აქ უკმაყოფილება იყო ძირითადად იმის გამო, რომ ჩვენ თან გვასწავლიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიას და, მეორე მხრივ, სახელმწიფო არ გვქონდა.

ჩვენ ძალიან გვწყინდა, რომ თუ, მაგალითად, თბილისის დინამო სადმე კარგად ითამაშებდა, მათ მოიხსენიებდნენ რუსებად; გამოაცხადებდნენ, რომ აი, რუსებმა კარგად ითამაშეს.

მათი მხრიდან ეს საკითხი იყო სრულიად გასაგები, რადგან საბჭოთა კავშირს ყველა აღიქვამდა რუსეთად.

უკმაყოფილება, ერთი მხრივ, ამის გამო იყო. მეორე მხრივ, დასავლეთი, ევროპა, ძირითადად სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. მთლად იზოლაციაში ხომ ვერ ვიცხოვრებდით? – ლიტერატურას ვკითხულობდით, ფილმები შემოდიოდა… რაღაც წარმოდგენა გვქონდა ევროპაზე, მუსიკა, კულტურა… იქ რომ მატერიალური კულტურის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვენთან, ეს ვიცოდით. ამიტომ, ამ ფონზე, არ იყო ხალხი მაინცდამაინც კმაყოფილი. შაქარი და კარაქი ტალონებით რომ უნდა გეყიდა და მაღაზიაში ნორმალურად ვერაფერს შეიძენდი, ეს არ იყო ასე მარტივად ასატანი.

ადამიანებს არ ჰქონდათ მოგზაურობის საშუალება. საზღვარგარეთ წასვლა – ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი რამ რიგითი მოქალაქისთვის. ასევე, კაგებეს უშუალო ნებართვის გარეშე ვერსად გაადგამდი ფეხს. ეს ეხება არა მხოლოდ ე.წ. კაპიტალისტურ, არამედ საბჭოთა კავშირის სატელიტ ქვეყნებს. ტურისტული ჯგუფიც რომ მიდიოდა სადმე, თუნდაც სოციალისტურ ქვეყნებში, აუცილებლად მიჰყვებოდა უშიშროების მინიმუმ 2 წარმომადგენელი. ერთი იყო სპეციალური ხელმძღვანელი, რომლის შესახებაც იცოდი. მეორის შესახებ არაფერი იცოდი და მერე უნდა დაეწერა, რას აკეთებდი, როგორ იქცეოდი, სხვანაირ ურთიერთობებში ხომ არ შეხვედი ვინმესთან და ა.შ.

VI პარადოქსი

ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ყველა მომხრეა

არჩევანი წართმეული ჰქონდა ხალხს. უკმაყოფილება კი იყო, მაგრამ, რეალურად, სანამ ეროვნული მოძრაობა არ დაიწყო, ეს პროტესტი არ გამოხატულა. დისიდენტური მოძრაობები იყო ცოტა. მათი სადღეგრძელოც კი იყო – ჩვენი უიმედო საქმის წარმატებას გაუმარჯოსო. ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირს ვერაფერი მოერევა, რომ ეს არის ძალიან ძლიერი სისტემა.

დისიდენტობა და რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა, ეს იყო არა უფრო პოლიტიკური აქტი, არამედ ზნეობრივი არჩევანი, რომ მე არ ვეგუები, არ მინდა… ვიცი, რომ ვერ დაგამარცხებ და ვერ შევცვლი, მაგრამ ჩემს თავთან ხომ ვიქნები მართალი…

იყო ხალხი, რომელიც, სოლჟენიცინის თქმის არ იყოს, სიყალბეში არ მონაწილეობდა – საბჭოთა ღონისძიებებში მონაწილეობისაგან გამიჯვნას ცდილობდა. ასე ადვილი არ იყო ამის მოპოვება, რადგან სისტემა ლამის, ოჯახში შემოდიოდა. შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდათ ხელოვნების წრის ხალხს. პრაქტიკულად, ნიჭიერი ადამიანების უმრავლესობა მიდიოდა ლიტერატურაში, თეატრში, კინოში და სხვაგან, სადაც შეეძლოთ, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონოდათ.

ინჟინერს, გეოლოგს, ასეთი თავისუფლება შეიძლება ვერ მოეპოვებინა. იქ გაცილებით მეტს ითხოვდნენ. ოდნავი დაწინაურებისთვისაც პარტიის წევრობა იყო საჭირო.

ჯამში, უკმაყოფილება იყო, მაგრამ ბრძოლა – ნაკლებად. უმრავლესობა ამ რეჟიმს შეგუებული იყო.

რა მოიტანა ორმაგმა მორალმა და პლურალიზმის განდევნამ დღის წესრიგიდან?

რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ყველაფერი აგებული იყო ორმაგ მორალზე.  ამან განაპირობა მთელი ჩვენი უბედურებები, რაც შემდგომ დაგვემართა. ორმაგი მორალი ნორმა იყო საბჭოთა ადამიანისთვის. ის ასე ცხოვრობდა, ასე ჩამოყალიბდა. სახელმწიფოსთან მიმართებაში საბჭოთა ადამიანი იყო სრული კონფორმისტი. სახელმწიფო მისთვის იყო, უხეშად რომ ვთქვათ, მეწველი ძროხა, რომელსაც რაც მეტ ფულს წაართმევდა, მით უკეთესი იქნებოდა. მორალი, ზნეობა და ა.შ. ვრცელდებოდა მხოლოდ ოჯახზე, სამეგობრო და საახლობლო წრეზე. სახელმწიფოსთან მიმართებაში რას აკეთებდი, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამ წლებმა ქართველს გამოუმუშავდა ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი. ეს რას ნიშნავდა: ქართველობის სიწმინდის შენარჩუნება იყო მთავარი. ამას გარკვეულწილად, შეიძლება, გარკვეული საფუძველი ჰქონდა, როცა საქართველოს ემუქრებოდა გარუსების საფრთხე მეცხრამეტე საუკუნეში,  შემდგომ, როცა სხვა ქვეყნის ნაწილი იყავი და ცდილობდი, შენი ნაციონალური იდენტობა შეგენარჩუნებინა. [თუმცა], სახელმწიფოებრიობა არ იყო და რაში უნდა შეგენარჩუნებინა? [ამიტომ], კულტურული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდი.

ამან შემდგომ გამოიწვია ის, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი ნაციონალისტი იყო. შეუძლებელი იყო, სხვანაირად ყოფილიყო იმ პერიოდში. ნომენკლატურული კომუნისტიც კი ნაციონალისტი ქართველი იყო, უბრალოდ, მას საბჭოთა რეჟიმის მოშორება შეუძლებლად მიაჩნდა. ამ ფონზე, საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ქართველები უნდა გავმრავლდეთ. ეს კიდევ მეორე მომენტს უკავშირდება, ეთნიკურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაში – როცა ეთნიკურ სიწმინდესა და ეთნიკურ იდენტობაზე იყო საუბარი, სხვა ეთნოსები განხილული იყო, როგორც საფრთხე. უფრო მეტიც – მათ მიეწერებოდათ მიზანმიმართული ანტიქართული ქმედებები – რომ ისინი სპეციალურად მრავლდებიან, რომ ჩვენი მიწა დაისაკუთრონ.

მთელ ამ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ გამოგვიმუშავა კიდევ ერთი, უაღრესად ცუდი თვისება, რამაც შემდგომში ძალიან გვაზარალა და დღემდე ძალიან გვაზიანებს: ეს არის  პლურალიზმის სრული მიუღებლობა. ეს ბუნებრივიც იყო – საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული ქვეყანა იყო, არსებობდა მხოლოდ  ერთი ჭეშმარიტება,  ერთი აზრი, ერთი გაზეთი, ერთი იდეოლოგია და ა.შ. ჩვენს თაობას არ ჰქონდა გამოცდილი, რას ნიშნავს მრავალფეროვნება, სხვადასხვა აზრის არსებობა ერთ სივრცეში. ცხადდებოდა, რომ არის ერთი სწორი იდეოლოგია და სხვა ყველა არასწორია.

ეს მიდგომა დღესაც ძალიან გვამუხრუჭებს. ცნობილი გამოთქმა რომ არის, სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ: ეს არის ძალიან ქართული და ჩემი აზრით, სწორედ იმ ორმაგი მორალის გამოძახილია: ვერავინ იტანდა საბჭოთა კავშირს და სახლში რასაც უნდოდა, იმას ამბობდა. გარეთ რომ გადიოდა, იქ არ შეიძლებოდა ამის თქმა.

ამ ეპოქის გაუაზრებლობა, შეუფასებლობა, არის ის, რაც ძალიან სერიოზულად გვაზარალებს და აფერხებს ჩვენს წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიდა 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა, ეს ეპოქა, მისი დანაშალები, ჯერ კიდევ არის ჩვენში და რაც მალე დავამარცხებთ მას ჩვენში, მით მალე გავალთ კარჩაკეტილი ცხოვრებიდან მზეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი