ახალი ამბები

საჭიროა არა მწერლები, არამედ სოცმუშაკები და ა.შ. — წულუკიანი შეწყალების კომისიაზე

6 მარტი, 2019 • 1380
საჭიროა არა მწერლები, არამედ სოცმუშაკები და ა.შ. — წულუკიანი შეწყალების კომისიაზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანის შესახებ და განაცხადა, რომ სამინისტრო ამ კონცეფციას სწავლობს.

“ვფიქრობთ, რომ თუკი ეს მართლაც მოხდება, ეს საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. მე არ მაქვს დღეს მზა პასუხი, მოესწრება თუ არა ამ ცვლილების განხორციელება “სააღდგომო შეწყალებისთვის”, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ — თუკი კომისიას შევინარჩუნებთ, ესეც არ არის ცნობილი — მივიღოთ ისეთი კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა 6 მარტს.

წულუკიანის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ “გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა”.

“საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების ან მასზე უარის თქმის საფუძველი”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

ეს ინიციატივა ნეტგაზეთთან ინტერვიუში გააკრიტიკა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმდჯომარემ, ზვიად ქორიძემ. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა მსჯავრდებულების შეწყალების მნიშვნელოვანი ფუნქცია პრაქტიკულად გადაულოცა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი, იმ უწყებას, რომელიც უშუალოდ განაგებს პენიტენციურ სისტემას საქართველოში – იუსტიციის სამინისტროს.

ზვიად ქორიძის თქმით, ამ ვითარებაში აუციელბლად მივიღებთ საკმაოდ არაეფექტურ, ხშირ შემთხვევაში კი უმოქმედო და მკვდარ შეწყალების მექანიზმს. მისი თქმით, შეწყალების ფუნქცია საზოგადოებამ სწორედ პრეზიდენტს დააკისრა, როდესაც იგი აირჩიეს, და არა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი