ახალი ამბები

ბესელია აცხადებს, რომ თიბისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ემხრობა

6 მარტი, 2019 • 1120
ბესელია აცხადებს, რომ თიბისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ემხრობა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დატოვა “ქართული ოცნება”, აცხადებს, რომ თიბისი ბანკის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე, რომელშიც მედიაც ფიგურირებს, საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეას ემხრობა.

6 მარტს ტვ პირველის ეთერში ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიმართ შესაძლო მუქარის საკითხით. “მოდით, პარლამენტმა აიღოს ზედამხედველის ფუნქცია. შევიდეს სიღრმეებში. სიმართლეა — გაირკვევა, ტყუილია — გაირკვევა. ეს … არის უფრო სწორი მიდგომა, ამიტომ მე ამას დავუჭერდი მხარს და არ ვიყოყმანებდი, არ დავტოვებდი ასეთ ღია კითხვებს”.

მოგვიანებით ბესელიამ დასძინა: “ეს შეიძლება არ იყოს საგამოძიებო კომისია, მაგრამ იყოს დროებითი კომისია… მაგრამ რაღაც კომისიამ უნდა შეისწავლოს”.

“მე არ ვიხუმრებდი ამ თემაზე. ჩემი კოლეგები, დღეს ვინც კომენტარებს და განცხადებებს აკეთებდნენ,- და ზოგიერთი მესიჯებსაც ვერ სცდება, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ხოლმე ამ მესიჯს, — ცდილობენ, გააუბრალოონ [საკითხი], [უწოდონ მას] “ფარატინა ფურცელი”… ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ამოაყირავოს ქვეყანაში [ვითარება], გააჩნია, ამ ფურცელს რა ისტორია აქვს და რა ხდება”, — განაცხადა ბესელიამ.

“მე არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს, არ ვამბობ, ის არის უტყუარი ან ის არის ფარატინა, უბრალოდ, სასაცილო არ არის ეს. არც სახუმარო არ არის. ამას, მგონი, ცოტა მეტი სერიოზულობა სჭირდება… ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროცესს უნდა მიყოლა და გარკვევა”.

ტვ პირველის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ თიბისის საქმე “შეიძლება იყოს ერთ-ერთი ისეთ საქმეთაგანი, რომელსაც შეიძლება გადაყვეს ხელისუფლება”, ეკა ბესელიამ თავი დააქნია და თქვა:

“თუ დადასტურდა, რომ ეს სიმართლეა, რას ამბობთ, ნინო… ეს უმძიმესი სურათის მატარებელია. მე ფრთხილად ვეკიდები საბოლოო შეფასებებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამიტომ პირველ ეტაპზე სწორად მიმაჩნია, რომ … აუცილებლად უნდა აიღოს პარლამენტმა ზედამხედველის ფუნქცია და დაიწყოს ამ საკითხის დეტალური შესწავლა და ღიად დადოს საზოგადოების წინაშე [შედეგი]”.

ბესელიამ გააკრიტიკა 26 თებერვალს გამართული სხდომა პარლამენტში, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ. 26 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა, სადაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეწყდა. ბესელიას შეფასებით, “არ იყოს სწორი [სხდომის შეწყვეტა]. ეს იყო ძალიან ცუდი საყურებელი და ამაზე შორს უნდა წავიდეს პარლამენტი და შევიდეს სიღრმეებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი