ახალი ამბები

ნეტფლიქსი მარკესის “მარტოობის ას წელიწადს” სერიალად გადაიღებს

6 მარტი, 2019 • 1804
ნეტფლიქსი მარკესის “მარტოობის ას წელიწადს” სერიალად გადაიღებს

ნეტფლიქსი აპირებს, სერიალად გადაიღოს ნობელიანტი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანი — “მარტოობის ასი წელიწადი”.

ნეტფლიქსმა ახლახან შეისყიდა მარკესის ოჯახისგან რომანის სერიალად გადაღების უფლება. მარკესის შვილები, როდრიგო გარსია და გონსალო გარსია ბარჩა სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერების ფუნქციას შეითავსებენ.

“ათწლეულების განმავლობაში მამაჩვენი უარს ამბობდა რომანის ეკრანიზაციის უფლების გაყიდვაზე, რადგან მიაჩნდა, რომ დროის სიმცირის გამო მხატვრულ ფილმად ვერ იქცეოდა. ასევე, ვერ წარმოედგინა ესპანურის გარდა სხვა ენაზე გადაღება”, – განაცხადა როდრიგო გარსიამ.

სერიალს კოლუმბიაში გადაიღებენ. ეკრანიზაცია ესპანურენოვანი იქნება.

მარკესი, — XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, რომელიც სცენარისტობასა და ჟურნალისტობასაც ითავსებდა, — 2014 წელს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

1967 წელს გამოქვეყნებული რომანი, “მარტოობის ასი წელიწადი, 46 ენაზეა თარგმნილი და მისი 47 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი