ახალი ამბები

წერილზე განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა ხაზარაძეს – წულუკიანი

6 მარტი, 2019 • 881
წერილზე განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა ხაზარაძეს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ შსს მინისტრისგან მუქარის წერილი მიიღო, არასერიოზულია. წულუკიანის თქმით, სასამართლოში ხაზარაძემ “რაღაც ნაბეჭდი მიიტანა”, რითიც მისი განცხადების არასერიოზულობა დამტკიცდა.

“ხაზარაძის ხმაურიანმა გაცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს და იმ საქმეს, რომელსაც ის თითქოსდა თავის სასარგებლოდ იცავს. მე პირადად ამ განცხადებას [წერილის შესახებ] თავიდანვე ღიმილით შევხვდი. მერე კიდევ უფრო გამეღიმა, რადგან აღმოჩნდა, რომ მას წერილი არ აქვს და რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება. მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი”,-აცხადებს თეა წულუკიანი.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – ამბობს ხაზარაძე. გახარია მუქარის ფაქტს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი