ღარიბაშვილის დაბრუნება — “ქართული ოცნების ეპილოგი?”

ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” მმართველ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, პარტიაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით დაბრუნდა. თუმცა პარტიის “გადარჩენის” ეს მცდელობა მმართველი გუნდის ღრმა კრიზისზე მიანიშნებს და, შესაძლოა, მისი ეპილოგი იყოს — ამბობენ ნეტგაზეთთან საუბრებში პოლიტიკის კომენტატორები.

ღარიბაშვილიდან ღარიბაშვილამდე

ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის 20 ნოემბერს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და შემცვლელად 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა, რომელსაც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, უფრო ადრე კი — მმართველი პოზიცია ეკავა ივანიშვილის დაარსებულ ფონდ “ქართუში”.

მოულოდნელად, დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, ღარიბაშვილმაც დატოვა თანამდებობა. “ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო”, — ასე განუმარტა მან ჟურნალისტებს გადადგომის მიზეზი 2015 წლის დეკემბერში.

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო – ორგანიზაცია “მოქალაქის” Facebook გვერდიდან

ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” ასე განვითარდა მოვლენები: დასრულდა 2012 წელს მოსული მმართველი კოალიციის დაშლა, რომელიც “თავისუფალი დემოკრატებთან” დაპირისპირებით დაიწყო ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით; “ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს “რესპუბლიკელების” და სხვა ყოფილი წევრების გარეშე მოახერხა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და საბოლოოდ- საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება; ამ ცვლილებებს თან სდევდა ბრალდებები მოჭარბებულ ძალაუფლებაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

ღარიბაშვილის შემცვლელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც მალე, 2018 წლის ივნისში გადადგა თანამდებობიდან, მიზეზად კი ბიძინა ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. იგი ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა, რომლის შესახებაც, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ს არ სმენოდა მის შესახებ და თითქმის ყველაზე ნაკლებად ნაცნობი პოლიტიკოსი იყო IRI-ს სიაში.

დაახლოებით ამავე პერიოდიდან დღის შუქზე გამოდის “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფს შორის. “ქართულ ოცნებაში” ახალი ლიდერების ჯგუფი გამოიკვეთა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და სხვები მოიაზრებიან. აშკარა დაპირისპირების მეორე მხარეს ე.წ “ძველების გუნდი” იდგა — ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები.

გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

სავარაუდოდ, ამ შიდა დაპირისპირების მოგვარება იყო 2018 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნების ერთ-ერთი მიზანი, კვირიკაშვილის საკითხთან ერთად. არადა, პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა 2015 წელს თავად ივანიშვილმა შეადარა “მეორედ მოსვლას” და თქვა, “რაღაც უბედურება უნდა მოხდეს”, ჩემი დაბრუნება აუცილებელი რომ გახდესო.

თუმცა დაპირისპირება ივანიშვილის დაბრუნებით მხოლოდ დროებით შენელდა: 2018 წლის ბოლოს აღნიშნულ ჯგუფებს შორის ვითარება დაიძაბა, ამჯერად- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი, ავტორიტარული სისტემის მორჩილებაში დადანაშაულებული მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხის ირგვლივ. საბოლოოდ, ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კიდევ რამდენიმე დამფუძნებელმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვეს.

პარტია “ქართული ოცნება” მმართველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წინაშეც დგას, რომელთა შორისაა ელექტორატის მხარდაჭერა. ასე, მაგალითად, 6-წლიანი მმართველობის ფონზე, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში სულ რაღაც 1%-ით აჯობა ოპოზიციის კანდიდატს.

რისთვის დაბრუნდა ღარიბაშვილი?

ამგვარი ვითარების ფონზე დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში, ამჯერად- “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე.

დაბრუნების მიზნად მან დაასახელა “პირველი და ახალი თაობის ქართული ოცნების ლიდერების უფრო შეკავშირება და გაძლიერება”.

სხვა რა მიზანს ემსახურება ღარიბაშვილის დაბრუნება? და რას ნიშნავს, რაზე მიანიშებს ეს ნაბიჯი?

პოლიტიკის მეცნიერი, ორგანიზაცია “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” (GIP-ის) დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ბესელიას და სხვების წასვლა ელექტორალური რისკია პარტიისთვის, რომლის ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი “სოციალ-კონსერვატიულადაა განწყობილი”. ამის გათვალისწინებით, მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით ივანიშვილი ცდილობს, მის ძირითად საყრდენ ელექტორატს მესიჯი გაუგზავნოს, რომ “ძველი გვარდიის” წარმოამდგენლების პარტიიდან წასვლის მიუხედავად, არაფერი იცვლება და “ქართული ოცნება” ისევ ამ ტიპის ამომრჩევლის ნების გამომხატველად რჩება ქართულ პოლიტიკაში”.

კორნელი კაკაჩია ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია ეუბნება ნეტგაზეთს, პარტიაში სხვა უფრო სასწრაფო პრობლემებიცაა გადასაწყვეტი: “[ივანიშვილს] გუნდი ეშლება. ღარიბაშვილის დაბრუნება არის ერთგვარი ჟესტი ე.წ. ძველების მიმართ – მათი გულის მოგების მცდელობა”, – უთხრა ნეტგაზეთს ნოდიამ.

ამ აზრზეა კორნელი კაკაჩიაც. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ამოცანა იქნება, რომ ბოლო პერიოდში დასუსტებული ხელისუფლების ვერტიკალი გაამყაროს და დეორგანიზაციის პროცესი შეაჩეროს, რათა “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “მინიმალური დანაკარგებით” მიიყვანოს.

გია ნოდია

გია ნოდია

პარტიის შიგნით არსებული ვითარების “დალაგების” “ივანიშვილისეულ მცდარ წარმოდგენად” აფასებს ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკის კომენტატორი ელენე მელიქიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი ლონდონის კინგსის კოლეჯიდან. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის ამბობს: ივანიშვილს “რატომღაც ჰგონია, რომ ლოიალური ადამიანები შეძლებენ ამ კრიზისიდან მის გამოყვანას. მაგრამ ლოიალურობა და ერთგულება კომპეტენტურობას ვერ ცვლის… ლოიალური კანდიდატები ნიშნავს მეტ იზოლაციას და სწორედ არაფორმალური მმართველობის გაძლიერებას, რაც საქართველოს უკან ხევს და ქვეყნის რეიტინგს ვნებს”.

“მას ჰგონია, რომ ყველაფერი მარტივად გვარდება, თუმცა, უბრალოდ, ქვეყანა არ არის მარტივი სამართავი ორგანიზაცია. ეს კომპლექსური სტრუქტურაა, სადაც მთავარი დელეგირებაა და ახალი შესაძლებლობების შექმნა, სხვების მოსმენა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიღება და მათთან მუშაობა. არც ივანიშვილს აქვს ეს თვისება და არც მის ფავორიტს”, — ამბობს მელიქიშვილი.

“ღრმა კრიზისი” და “ეპილოგი”

ელენე მელიქიშვილის აზრით, ძველი, “პოლიტიკიდან წასული” ლიდერის დაბრუნება მმართველ გუნდში პარტიის შიგნით არსებულ იდეურ და ინტელექტუალურ კრიზისს უკავშირდება.

ელენე მელიქიშვილი. ფოტო ტვიტერის პერსონალური ანგარიშიდან

ღარიბაშვილის გარემოცვის კუთხით არსებობდა კითხვები ნეპოტიზმთან დაკავშირებით, რაზეც 2013 წელს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”. 2019 წლის 5 მარტს, პოლიტიკაში დაბრუნების გამოცხადების შემდეგ კი, ღარიბაშვილმა განაცხადა: “შეიძლება […] ზოგიერთმა ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა. ზოგი ცდილობს ხოლმე, რამენაირად იხეიროს. ეს არ არის უცხო თემა. ამაზე ბიძინას უსაუბრია. რამდენიმე ნათესავთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან”.

მელიქიშვილი ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე მიანიშნებს, აკრიტიკებს “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ღარიბაშვილის დაბრუნებას “ქართული ოცნების ეპილოგს” უწოდებს: “ისინი უტევენ ისეთ ფუნდამენტურ მიღწევებს, რაზეც [მიხეილ] სააკაშვილსაც კი აუკანკალდებოდა ხელი. საქართველოს საბანკო სექტორი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, და იმიტომ, რომ ერთ კაცს ვინმე პიროვნულად არ მოსწონს, ან რომელიმე ინიციატივის წინააღმდეგია, არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავანგრიოთ”.

“პლურალიზმის შიში”

მელიქიშვილის დაკვირვებით, “ხელმძღვანელობა ვერ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ზოგჯერ ისე ჩანს, რომ არც აინტერესებს. მოკლევადიანობის პრინციპზე მუშაობენ, როგორმე გაიტანონ დღევანდელი დღე და ხვალ რამეს მოიფიქრებენ. მთავარი თემა ისევ ნაციონალური მოძრაობის მტრის ხატად წარმოჩენაა, მაგრამ ვერ გაიგეს, რომ უკვე შვიდი წელია, [მთავრობაში] სხედან და ყოფილი ხელისუფლებაც თვითონ არიან”.

ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი – EPA/ABIR SULTAN

გამოსავალი მეტ კომუნიკაციაში, განსხვავებულად მოაზროვნე მეტი ადამიანის მოსმენაშია, ივანიშვილი კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, – ამბობს მელიქიშვილი და დასძენს, რომ “ქართულ ოცნებასაც” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენი შეეყარა.

“ჰგონიათ, რომ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იციან და ძალაუფლების სხვისთვის განაწილება არ სჭირდებათ; პლურალიზმი არ სჭირდებათ. ეს არის აბსოლუტისტური მსოფმხედველობის გამოძახილი, იერარქიაზე დაფუძნებული ორგანიზაციის პრობლემა, რაც შეცდომაა, რადგან თუ ძალაუფლების განაწილება არ შეგიძლია, გამოდის, რომ აღიარებ მის არქონას. თუ ვერ უსმენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს და მათთან ვერ მუშაობ, მხოლოდ ერთს ნიშნავს: შიშსა და უძლურებას. პლურალიზმის ეშინიათ, ახალი იდეების ეშინიათ… ყველგან მოწინააღმდეგე ელანდებათ და საკუთარი ლიდერი კერპი ჰგონიათ”, — უთხრა ელენე მელიქიშვილმა ნეტგაზეთს.

ამ დამოკიდებულებას უკავშირებს იგი პარტიის შიგნით არსებულ კრიზისსაც: “ყველა იერარქია, რომელიც იზოლაციაში ექცევა და საკუთარ კერპს ეთაყვანება, ნგრევას იწყებს. კომუნისტური პარტია იყო ასე. ასეთ ორგანიზაციებში ვერ გაიგეს, რომ სიახლეები და განსხვავებული აზრი თანამედროვე გარემოში გადარჩენის ერთადერთი გზაა. არ შეიძლება ყველა ერთსა და იმავე აზრს იზიარებდეს, ყველას ერთი ფერის ქუდი ეხუროს და ერთსა და იმავე წიგნს კითხულობდეს. უნდა გაიხსნა და მიიღო განსხვავებულობა. ასეა ბუნება მოწყობილი. სამყარო ქსელების ქსელია, ჩვენი სისხლძარღვების სისტემაც კი ქსელია. რატომ ჰგონიათ, რომ დაკეტილი პოლიტიკური სისტემა იარსებებს?!”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com